უმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ აქტივისტები სოციალურ ქსელში მის მიმართ ძალადობისკენ მოწოდებებს აკეთებენ. ის ფოტოგრაფ მარიამ ნაკანის "ფეისბუქ" სტატუსის "სქრინს" აქვეყნებს და წერს, რომ კონკრეტული ადამიანები მისი სახლის მისამართს ითხოვენ:
"ბოდიში თვალისმომჭრელი ფერადი ფოტოთი ვერ ვამდიდრებ პოსტს და თქვენთვის ჩვეული ვიზუალური ეფექტის ნაცვლად წაკითხვას საჭიროებს, ისევე როგორც კანონი…
ამ ყველაფერში რაიმე პოზიტიური თუ უნდა დავინახოთ, ის არის რომ ვვარჯიშობ და ჯანსაღი ცხოვრების წესს ვეწევი და კიდევ ის რომ ოკტოპუსი ძალიან მაგარი სავარჯიშო დარბაზია.
ახლა კი, ამ პოსტის ძალადობრივ მხარეზე ვისაუბროთ.
უპირველეს ყოვლისა, წმინდად ადამიანური გადმოსახედიდან ეს პოსტი პირდაპირ ფაშისტურია, ცარცით ხომ არ მონიშნავდი ჩემს სახლს და შემდეგ გაზის კამერაში ამომხუთავდით?! სამწუხაროდ, როგორც ვაკვირდები, მათ ყველაზე რადიკალურ აქტივისტებს საშუალება რომ მისცე, დიდი სიამოვნებით იზამდნენ ასე .
მეორე, სახლში მოვარდნას ერთადერთი დატვირთვა აქვს - ჩემი 12 წლის შვილი!!! რომელიც მისდაუნებურად ამ ძალადობრივი აქტივიზმის მსხვერპლი შეიძლება გახდეს. სამწუხაროდ, ბავშვის ამ ფორმით წამების ობიექტებად ქცევა, ამ აქტივისტებისთვის და როგორც ჩანს, აქციაზე მდგომი ადამიანებისთვისაც მისაღებია. დიდი ალბათობით ამ ჩემს პოსტს ჩემი შვილიც წაიკითხავს, მე კი ყველანაირად შევეცდები ავუხსნა, რომ ასეთი ნაძირალების არ უნდა ეშინოდეს და რომ ასეთი სადისტი ადამიანები არიან და იქნებიან, თუმცა მათ არასდროს არ უნდა მიეცეთ გამარჯვების საშუალება
მოდით ახლა სამართლებრივად შევხედოთ - ეს არის ტიპური ადევნება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. მათ, ვისაც ამის შესახებ ინფორმაცია არ გაქვთ, გირჩევთ წაიკითხოთ 151 პრიმა მუხლი, რადგან შემთხვევით ჯგუფური თავდასხმის მონაწილენი არ გახდეთ
აქვე, იმ დონორების საყურადღებოდ მინდა დავწერო, რომლებიც ადამიანის უფლებებზე და ქალთა გაძლიერებაზე აქტივიზმს დააფინანსებთ, იცოდეთ, რომ ისინი ამ ყველაფერს სწორედ, რომ ქალი პოლიტიკოსების დასაშინებლად და შესავიწროებლად იყენებენ. ახლა არ დაიწყოთ თავის მართლება მარი ნაკანს არ ვაფინანსებთო - მარი ნაკანმა უბრალოდ წესები არ იცის და დაპოსტა, თორემ ყველა ის აქტივისტი, ვინც ამ დღეების განმავლობაში რადიკალისტობს, ზუსტად მარი ნაკანის მსგავს ქმედებებს ახორციელებს, ოღონდ შეფარულად
და რადგან ადევნების მიზანია, რომ ადამიანს აიძულოს ცხოვრების წესი მნიშვნელოვნად შეცვალოს. მინდა გითხრათ, რომ საერთოდ არ მეშინია, მოძალადეს ნამდვილად ვერ დავუკმაყოფილებ თავის ამაზრზენ მიზნებს. ხვალ ვაპირებ სავარჯიშოდ მისვლას. მარი ნაკანს კი მინდა შევთავაზო, ამ აგრესიის ნაცვლად აჯობებს ივარჯიშოს, იქნებ ამ ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს
და ბოლოს, ამ სქრინშივე ჩანს ერთი კომენტარი, (შესაძლოა სხვა მსგავსი კომენტარების ბევრი იყოს) სადაც ადამიანი გულწრფელად ეუბნება, რამდენად მიუღებელია ფაშისტური ქცევა..
ჰოდა საბედნიეროდ ზუსტად ვიცი რომ გაცილებით მეტი ადამიანია ჩვენ გარშემო, ვინც ადამიანურ სახეს არ კარგავს, კაციჭამიად არ გადაიქცევა და დარჩება ბოლომდე ადამიანად" - წერს წილოსანი.