ავტორი:

საფრანგეთის პოლიციას 13-ჯერ ნასამართლევი დამნაშავე გაექცა - თავდასხმას ბადრაგის ფურგონზე 2 ოფიცერი ემსხვერპლა: რას აცხადებს მაკრონი?

საფრანგეთის პოლიციას 13-ჯერ ნასამართლევი დამნაშავე გაექცა - თავდასხმას ბადრაგის ფურგონზე 2 ოფიცერი ემსხვერპლა: რას აცხადებს მაკრონი?

დამნაშავე მამაკაცი, რომელიც ნორმანდიის პოლიციას ციხეში გადაყვანისას ხელიდან დაუსხლტა, მეორე დღეა მიმალვაშია. მუჰამედ ამრას, რომელიც კრიმინალურ სამყაროში "ბუზის" სახელითაა ცნობილი, ასობით პოლიციელი ეძებს.

მუჰამედი ჩრდილოეთ საფრანგეთის ქალაქ რუანში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ ციხეში გადაჰყავდათ, როცა ბადრაგის ფურგონს მანქანა შეეჯახა. ორი მანქანიდან შეიარაღებული მამაკაცები გადმოვიდნენ და ციხის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, კრიმინალურმა დაჯგუფებამ 2 ოფიცერი მოკლა, 3 კი დაჭრა.

პარიზის სახელმწიფო პროკურორის ლორ ბეკუს თქმით, შეიარაღებულმა მამაკაცებმა ოფიცრების დახოცვისა და დაჭრის შემდეგ მუჰამედ ამრა თან წაიყვანეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"ყველანაირ ღონეს ვიხმართ, რომ ეს კრიმინალები ვიპოვოთ",- განაცხადა საფრანგეთის შსს მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა.

  • გუშინ ქალაქის მთავარ ლოკაციებზე 200-მდე ჟანდარმი იყო მობილიზებული, რომლებიც მანქანებს ამოწმებდნენ.

დამნაშავის გაქცევას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ თავდამსხმელებს იპოვიდნენ და სათანადოდ დასჯიდნენ.

ამრა ქურდობისთვის 10 მაისს გაასამართლეს, მას პროკურორებმა ადამიანის გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობისთვისაც წაუყენეს ბრალი. ქალაქის პროკურორის ინფორმაციით, 30 წლის მუჰამედი უკვე ცამეტჯერ არის ნასამართლევი.

  • ზოგიერთი ფრანგული გამოცემის თანახმად, ამრამ წინა კვირასაც სცადა საკნის გისოსების გადაჭრა და ციხიდან გაქცევა.

იმის მიუხედავად, რომ მუჰამედი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის წარსულში არ ყოფილა ნასამართლევი, უკანასკნელი ცნობებით, ის მარსელში ნარკოტიკებით მოვაჭრე კრიმინალურ დაჯგუფებას უნდა უკავშირდებოდეს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა