საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო'ბრაიენის შეხვდა.
"საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.
ცნობისთვის, მანამდე ჯიმ ო'ბრაიენმა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართა. გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე.
"მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს.ირაკლი კობახიძემ ჯიმ ო'ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-სთან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს" - ნათქვამია ინფორმაციაში.