სამწუხაროა იმის ნახვა, რომ "ქართული კოშმარი" ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტისას განაცხადა.
"როდესაც ვხედავ ადამიანებს, ახალგაზრდებს, რომლებიც დემონსტრაციებს აწყობენ საკუთარი პარლამენტის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც მათ მომავალს იპარავენ, ევროკავშირისკენ გზას აფერხებენ, რომლებიც რეალურად რუსეთს კარს უღებენ, ეს მტკივნეულია. რადგან, ჩვენ აქ სხვადასხვა რეგიონს წარმოვადგენთ, მაგრამ გვაერთიანებს არა მხოლოდ საქართველოს სიყვარული, არამედ გააზრება იმისა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გაფართოება.
ევროკავშირისა და ნატოს გაფართოებამ ჩემი ქვეყანა გარდაქმნა. ჩვენ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ შიგნიდან პირველები ავჯანყდით, ახლა კი ისე, როგორც არასდროს მდიდრები და სტაბილურები ვართ. ამ ფანჯრის გაღება რთული იყო, რეალურად იგი უკრაინელმა გმირებმა თავიანთი ბრძოლით გააღეს. სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" ამ შესაძლებლობას არ იყენებს. მე ევროკომისიის პრეზიდენტს შევხვდი და მან მთხოვა ქართველებისთვის მესიჯი გადმომეცა, რომ ამ პროცესში ავტომატიზაცია არ არის, თუ "ქართული ოცნება" რუსეთს ირჩევს, მაშინ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობა არ არის, ამის შანსიც კი არ არის“, - განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
ჟიგიმანტას პავილიონისმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს წევრობისთვის რბოლაში უკვე დამარცხდა და იგი ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმისთვის იბრძოდა.
"მაშინ გერმანიის დელეგაციასთან პრობლემები გვქონდა, ახლა კი, მაიკლ როთი, მთელი პარლამენტი, ბუნდესტაგის ხუთი პარტია ჩვენ გვერდით არის. ჩვენ უკრაინის ნატო-ში მოწვევისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაგრამ უკრაინა წევრობის სწრაფ გზაზე გადავიდა, რადგან მათ წევრობის სამოქმედო გეგმა აღარ სჭირდებათ. უკრაინა ნატო-ს 33-ე წევრი იქნება. მომავალ კვირას მე ლობირებისთვის ვაშინგტონში წავალ, მაგრამ მე საქართველოსთვის ლობირებას ვერ შევძლებ. როგორ შემიძლია ეს ამ კენჭისყრის შემდეგ, სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ არ შემიძლია და საქართველო ბუქარესტის ჩემპიონი იყო. ასე რომ, სამწუხაროა იმის ნახვა, რომ „ქართული კოშმარი“ ქვეყნის მომავლის შანსებს იპარავს და ვიცი, რომ ეს გაფართოების ფანჯარა დაიხურება და შეიძლება იგი მალე დაიხუროს“, - აღნიშნა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიღებული გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.
"სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ ყველა საქართველოს მეგობრები ვართ, ერთიანი ვართ ერთგულებაში თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ჩვენ განვსხვავდებით, ვართ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, წარმოვადგენთ სხვადასხვა რეგიონს, სხვადასხვა გამოცდილებასა და რწმენას, მაგრამ ჩვენ არ ვართ რადიკალები, ჩვენ არ ვგავართ რადიკალებს. ჩვენ ვართ ევროპული მეინსტრიმი. მე ამას ხაზი გავუსვი, რადგან მედიის ახალ ამბებში ამოვიკითხე, რომ ჩვენ ვართ უცხოელი აგენტები და წარმოვადგენთ სხვა ქვეყანას. არა - ჩვენ აქ ვართ, როგორც საქართველოს მეგობრები და მოკავშირეები. ჩვენ გვაქვს ორი მისია. პირველი - გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ ჩვენი ევროპული ღირებულებებისთვის.
ევროკავშირი, პირველ რიგში არის ღირებულებების ერთობა და არა ერთიანი ბაზარი. თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება, აი რატომ ვართ მადლობელი ყველა იმ ერთგული ევროპელის, რომლებიც იმაღლებენ ხმას, გამოდიან ქუჩებში და ნათელს ხდიან, რომ საქართველო ჩვენ გვეკუთვნის. მეორე მისია არის, მოვუსმინოთ ერთმანეთს. გვინდოდა თქვენს მთავრობასთან საუბარი, გვინდოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან საუბარი. ჩვენ ვისაუბრეთ ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ძალიან მრავალფეროვანთან. თუმცა, სიტყვაგამშრალი დავრჩით, როცა ასეთ საპარლამენტო დელეგაციას არ ჰქონდა შესაძლებლობა შეხვედროდა თქვენს მთავრობას, რადგან თქვენი მთავრობა ძალიან დაკავებულია. შევხვდით ჩვენს კოლეგას, თქვენი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს, მაგრამ ვერ მოვახერხეთ პარლამენტში შეხვედრა და შევხვდით „ქართული ოცნების“ შტაბში. ესეც ჩვენთვის ცოტა გამაღიზიანებელი იყო“, - აღნიშნა როთმა.
ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, სებასტიან ტინკინენი მიიჩვენს, რომ პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი აღარ უნდა გამოიტანოს.
"დღეს ჩვენ “ქართული ოცნების” წარმომადგენელს [ნიკოლოზ სამხარაძეს] შევხვდით. მოვისმინეთ ის რას ამბობდა, ის რეალურად მთელი პარტიის აზრს წარმოადგენდა. ვიცით იმ პატარა ცვლილებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. არსებითად, რასაც გვეუბნებიან, ცვლილებები შეეხება “უცხოური აგენტისთვის” სხვა სახელის დარქმევას. ეს ძალიან პატარა ცვლილებებია, ისინი მთლიან ვითარებასა და ამ კანონის მთლიან აზრს ვერ შეცვლიან. ასე რომ, რეკომენდაციაა არა რამე ცვლილებებს მიმართოთ, არამედ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს და გამოიყენებს ვეტოს, და შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კანონი აღარ უნდა გამოიტანოს.
ძალიან მოხარულები ვართ, რომ გასულ წელს მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, მაგრამ როგორღაც მათ ხელახლა გამოიტანეს ის. და მეორე ჯერ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ხელახლა არ გამოიტანენ მას პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ”, - განაცხადა ტინკინენმა.
წაიკითხეთ ასევე: