ავტორი:

აქციის მონაწილეების "ცოცხალი ჯაჭვი" სპეცრაზმის პირისპირ - რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე?

აქციის მონაწილეების "ცოცხალი ჯაჭვი" სპეცრაზმის პირისპირ - რა ხდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე?

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.

მათ რუსთაველის გამზირზე, კერძოდ კი ქაშვეთის ეკლესიისა და პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ამ ფორმით ისინი პირისპირ დგანან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების წინაშე.

ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი და ასევე შსს-ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.

  • მანამდე სამართალდამცავებმა და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა პარლამენტის გვერდითა შესასვლელები - ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩები აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

ამ მომენტისათვის პარლამენტთან მისასვლელი ყველა გზა, გარდა საკანონმდებლო ორგანოს წინა პერიმეტრისა, აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებულია.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები და პოლიციელები პარლამენტის წინ მდებარე კიბეებზეც არიან განლაგებულები.

რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.

აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი.

სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს".

წაიკითხეთ ასევე:

ნახეთ ვიდეოკადრები რუსთაველის გამზირიდან