კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, სოსო ბერიკაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაუშვეს და მიზეზი ის იყო, რომ "ბიძინას აგინებდა".
"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ, მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).
როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).
თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.
P.S.ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში", - წერს სოსო ბერიკაშვილი.
მომხდარზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გამორჩეული ლექტორისა და ეკონომიკის დეკანის, სოსო ბერიკაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეპრესიული ქმედებების ნათელი მაგალითია.
კავკასიის სტუდენტები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ სოსო ბერიკაშვილს, რომელიც უსამართლო სისტემის მსხვერპლია.
ეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.
ჩვენ ვგმობთ ბატონი კახა შენგელიას გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტს არ ქმნიან ერთეული პირები. უნივერსიტეტს ვქმნით ჩვენ, სტუდენტები!
მოვუწოდებთ კავკასიის უნივერსიტეტის სხვა ლექტორებს, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან ასეთ მნიშვნელოვან დროს: არ დაირღვეს ერთიანობა და ის სულისკვეთება, რომელიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა! თქვენგანაც იმავეს ველოდებით!"
იხილეთ ასევე: