ავტორი:

"არსებობს ზნეობრივად წითელი ხაზები... ეს ნაბიჯი ჩემმა სინდისმა მიკარნახა" - ინტერვიუ ივლიანე ხაინდრავასთან, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტის გამო თანამდებობა დატოვა

"არსებობს ზნეობრივად წითელი ხაზები... ეს ნაბიჯი ჩემმა სინდისმა მიკარნახა" - ინტერვიუ ივლიანე ხაინდრავასთან, რომელმაც ე.წ. აგენტების კანონპროექტის გამო თანამდებობა დატოვა

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ივლიანე ხაინდრავამ თანამდებობა დატოვა.

მისი თქმით, ის არ ეთანხმება კურსს, რომელსაც ხელისუფლება დაადგა და ასეთ პირობებში შეუძლებლად მიიჩნევს თანამშრომლობას სახელმწიფო სტრუქტურებთან. როგორც ივლიანე ხაინდრავა ამბობს, არც ერთი კანონი სამოქალაქო დაპირისპირებად არ ღირს. "ხანგრძლივი პრაქტიკა მაქვს და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. ამიტომ ჩემი აზრით, ამის დაშვება არ შეიძლებოდა და ამასთან უთანხმოების ნიშნად დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის აწ უკვე ყოფილმა მრჩეველმა.

ივლიანე ხაინდრავა:

- დავტოვე თანამდებობა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ შედარებით მცირერიცხოვანი ერისთვის და პატარა ქვეყნისთვის ყველაზე სახიფათოა სამოქალაქო დაპირისპირება. ეს კანონი და მასთან დაკავშირებული თემატიკა რომ გახდებოდა დაპირისპირების საგანი, ეს ცხადი გახდა ჯერ კიდევ შარშან მარტში. ამდენად, შეიძლებოდა და აუცილებელიც იყო ამის თავიდან აცილება. ეს არ მოხდა, არამედ მოხდა მისი ხელახალი ინიციირება და გამოიწვია ის, რასაც ვხედავთ.

- და რატომ დაიჟინა ხელისუფლებამ კანონი, რომელიც დაპირისპირების საგანი გახდა?

- ამის თაობაზე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ ახლა ამის ჩამოყალიბება არ მიმაჩნია საჭიროდ, სწორად გამიგეთ, თემაში სიღრმისეულად არ შევდივარ. ჩემი პოზიცია და დამოკიდებულება გამოვხატე და ხომ იცით, მედიასთან დიდი ხანია არ ვურთიერთობ. თუმცა ყოველთვის ვეცნობი თქვენს მედიასაშუალებებს, იმედია, ცუდად არ გამიგებთ.

- სამოქალაქო დაპირისპირება ახსენეთ და, თქვენი აზრით, ვინ არის ინსპირატორი, ვის ინტერესებში შედის და რა არის მათი საბოლოო მიზანი?

- სამწუხაროდ, რასაც ვხედავ, რა თქმა უნდა, არის დაპირისპირების და რადიკალიზაციის ნიშნები. მიმდინარეობს აქციები, სადაც სტუდენტობას ვხედავ, თანავუგრძნობ და ვგულშემატკივრობ მათ, ბუნებრივია, იმედებს ამ ქვეყნის ახალგაზრდობას ვუკავშირებ - განათლებულ, მცოდნე, ფართო თვალსაწიერის მქონე ახალგაზრდებს. კონტრაქცია კი, სადაც ჩემის აზრით, მამოძრავებელი ძალა სულ სხვა იყო, შეიძლება არ იწვევდეს ჩემში შეშფოთებას იმიტომ, რომ არა ერთხელ მაქვს ეს ნანახი ამ ქვეყანაში, თუნდაც ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ბოლო 35 წლის განმავლობაში უშუალო მონაწილე თუ არა, დამკვირვებელი მაინც ვიყავი და ეს მაშფოთებს ყველაზე უფრო. მაშფოთებს დღეს რაც ხდება, ვფიქრობ, ამის არამც თუ დაშვება, არამედ გარკვეულწილად ხელოვნურად გამოწვევა და კანონპროექტის ხელახალი ინიციირება იყო ძალიან მცდარი ნაბიჯი, რომელსაც არ ვეთანხმები. ამისგან კარგი შედეგი არ შეიძლებოდა დამდგარიყო. რასაც ვხედავთ, ვღელავ, რა თქმა უნდა...

- სამინისტროდან თქვენს წამოსვლას ხელისუფლების მხრიდან რა რეაქცია მოჰყვა?

- ეს გასაჯაროვდა, თორემ ჩუმად დავწერე განცხადება, წინასწარ არ შემითანხმებია. სიმართლე გითხრათ, ხვალ ვაპირებდი ამ ნაბიჯის გადადგმას, მესამედ მოსმენის შემდეგ, მაგრამ მას შემდეგ, როგორადაც დღეს ჩატარდა საკომიტეტო მოსმენა, უკვე გადავწყვიტე, ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს.

- სადამდე შეიძლება მივიდეს პროცესი, რით შეიძლება დასრულდეს ამ კანონპროექტის ბედი, ხელისუფლება საბოლოოდ გაითვალისწინებს დასავლეთის რჩევებს?

- გამიჭირდება პროგნოზირება იმიტომ, რომ ვფიქრობ, მათი (დასავლეთის) მხრიდანაც პოლიტიკა არ არის უზადო და მართალი რომ გითხრათ, თავის დროზე გაკვირვებულიც ვიყავი, როდესაც საქართველო მოწყვიტეს უკრაინას და მოლდოვას, მათ მისცეს სტატუსი, საქართველოს - არა, ჩვენ ერთი წლის მერე მოგვცეს. რომ არ გავაგრძელო, მოკლედ, იქაც არის (ან სად არ არის) პრობლემები, მაგრამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობებით არ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ადგენს თამაშის წესებს. ამიტომ თამაშის წესების დამდგენ ქვეყნებს შორის უნდა აირჩიო ის, რომელიც შენ ყველაზე უფრო გიხდება და რომელსაც ყველაზე მეტი იმედები შეიძლება დაუკავშირო, ეს არის და ეს.

ამ კანონის ხელახლა ინიციირება, რა თქმა უნდა გამოწვევად იყო აღქმული დასავლეთში და ვიტყოდი, სამართლიანად.

- მაინც რა აღმოჩნდა თქვენთვის წითელი ხაზი, რამაც გადაწყვეტილება მიგაღებინათ?

- ჩემი გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო ზნეობრივი. მე არ ამირჩევია რომელიმე მხარე პოლიტიკურ დაპირისპირებაში, მეტიც, წლების განმავლობაში ვმუშაობდი ამ ხელისუფლებასთან, რომელიც დღეს გვაქვს, მაგრამ არსებობს ზნეობრივად წითელი ხაზები და ჩემთვის ყველაზე უფრო მიუღებელია ხელოვნურად გამოწვეული და დათესილი დაპირისპირება ჩემს თანამოქალაქეებს შორის. ამიტომ ვიმეორებ, ეს არის ძირითადად და უპირველესად ზნეობრივი ნაბიჯი. პოლიტიკის თვალსაზრისით, რთული არჩევანის წინაშე ვდგავარ, რაღა დაგიმალოთ.

- მალე აქციებზეც ხომ არ გიხილავთ, რას აპირებთ?

- 73 წლის ვარ, ჩემმა აქტიურმა ცხოვრებამ მნიშვნელოვანწილად ჩაიარა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა დავჯდები, ფეხი-ფეხზე გადავიდებ და დილა-საღამოს ტელევიზორს ვუყურებ. რა თქმა უნდა არა, ეს არაა პოლიტიკურ ნაბიჯზე განაცხადი, ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჩემმა სინდისმა მიკარნახა და მის კარნახს მივყევი.