მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
"ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, არის ევროკავშირისკენ ქვეყნის გზისა და ევროპული მომავლის მიმართ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მართლაც შთამბეჭდავი ვალდებულება და ჩვენ ნამდვილად მოველით, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს ხელისუფლება ასახავს ამ სურვილს და დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისადმი საკუთარი მოსახლეობის ამ მიჯაჭვულობას. ჩვენ ვნახეთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ხელისუფლებისა და განსაკუთრებით პოლიციის მხრიდან რეაგირების კუთხით ძალადობა და ჩვენ მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების და მედიის მუშაკების მიმართ. ეს არის სასტიკი ქმედებები და ეს სასტიკი ქმედებები ჩვენ ვნახეთ გუშინ ღამითაც და მკაცრად ვგმობთ მას“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა.
"მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ხალხის მიერ პროტესტის გამოხატვის უფლების დაცვა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს სათანადო გამოძიება და მოველით, რომ პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.
მან სანქციების თაობაზეც ისაუბრა.
"სანქციები არ არის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადასაწყვეტი, სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ წევრი სახელმწიფოები, როდესაც ისინი მიაღწევენ კონსენსუსს, რომ სხვა არაფერი მოიტანს სასურველ შედეგს", - ასე უპასუხა მან შეკითხვას, ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით, სადაც ისინი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს სთხოვენ, მოამზადონ სანქციები საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს.
მისი თქმით, საქმე, ჯერჯერობით სანქციებამდე არ მისულა.
"ჩვენ ჯერ აქ არ ვართ, საქართველო, ბოლოს და ბოლოს, კანდიდატი ქვეყანაა და ისევ ვიმედოვნებთ, ველით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაბრუნდნენ ევროპულ გზაზე და შეასრულონ ყველა ვალდებულება, რაც მათ ნებაყოფლობით აიღეს, როდესაც თავიანთი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მოითხოვეს“, - აღნიშნა პიტერ სტანომ.
იხილეთ ასევე: