ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მას პირველად სამედიცინო დახმარებას ამ წუთებში მოქალაქეები უწევენ.
მამაკაცის განცხადებით, მას ე.წ. წიწაკის სპრეი სამართალდამცველმა შეასხა.
ცოტა ხნის წინ ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია გზის გათავისუფლებას შეეცადა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ბოთლები ისროლეს.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია "გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე. მათი მიზანია, დილას პარლამენტში არ შეუშვან უმრავლესობის წევრი დეპუტატები. დღეს "ქართულ ოცნებას" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მესამე საკომიტეტო მოსმენა აქვს დაგეგმილი.