ავტორი:

ეკონომიკურ საკითხთა სანქცირებული დოქტორი თავდაცვის მინისტრად - ვისით ცვლის პუტინი შოიგუს?

ეკონომიკურ საკითხთა სანქცირებული დოქტორი თავდაცვის მინისტრად - ვისით ცვლის პუტინი შოიგუს?

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ფედერაციის საბჭოს ანდრეი ბელაუსოვის კანდიდატურა შესთავაზა, - ინფორმაციას რუსული მედია ფედერაციის საბჭოს "ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ამ დრომდე თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა.

"ფედერაციის საბჭომ მიიღო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურები რიგი ფედერალური სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობებზე: თავდაცვის მინისტრის პოსტზე - ანდრეი რემოვიჩ ბელაუსოვის კანდიდატურა", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ბელაუსოვს მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვლადიმერ კოლოკოლცევის კანდიდატურა შესთავაზა, სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების შედეგების ლიკვიდაციის მინისტრად - ალექსანდრე კურენკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე - სერგეი ლავროვი, იუსტიციის მინისტრად - კონსტანტინ ჩუიჩენკო, საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის პოსტზე - სერგეი ნარიშკინი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად - ალექსანდრე ბორტნიკოვი, ეროვნული გვარდიის ჯარების ფედერალური სამსახურის დირექტორის პოსტზე - ვიქტორ ზოლოტოვი, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად - დიმიტრი კოჩნევი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პუტინმა ნიკოლაი პატრუშევი უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

  • რა არის ცნობილი ანდრეი ბელაუსოვზე?

ანდრეი ბელაუსოვი მოსკოვშია დაბადებული1959 წელს, პროფესიით ეკონომისტია და ჰქონდა სამეცნიერო კარიერა. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. იყო რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრი 2012 წლის 21 მაისიდან 2013 წლის 24 ივნისამდე. ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში 2013 წლის 24 ივნისიდან 2020 წლის 21 იანვრამდე.

სს რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის სამეცნიერო და სადისერტაციო საბჭოების წევრი.

2022 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, იგი ექვემდებარება საერთაშორისო სანქციებს ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან, აშშ-დან და რიგი სხვა სახელმწიფოებიდანაც.

იხილეთ ასევე: