ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე, - ამის შესახებ ევროპის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა.
როგორც მან აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ პირველი მარში 9 აპრილს ჩატარდა და ქართველმა ხალხმა გამარჯვება 26 მაისს უნდა იზეიმოს.
"გაგიმარჯოს საქართველო! დღეს საქართველო ყველა მიმართულებიდან დაიძრა, მტკვარს, სამას არაგველს გამოუყვა, მარცხენა და მარჯვენა გააერთიანა. ჩვენი მოძრაობა 9 აპრილს დაიწყო. ახლაც, პირველი მარში 9 აპრილს იყო. ჩვენ 26 მაისს უნდა გავიმარჯვოთ და ეს დღე ერთად უნდა ვიზეიმოთ. გაუმარჯოს ჩვენს გზას 9 აპრილიდან 26 მაისამდე.
გამოვიარეთ რუსთაველი, მარჯვენა და მარცხენა სანაპირო და საქართველოს ისტორიის გულში მოვედით. ჩვენი გული ფეთქავს! ჩვენ ჩვენი გულებიდან გავათბეთ და ავანთეთ საქართველო, როგორც ელვარე და ჩაუქრობი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშაზე.
ადამიანებო, რომლებიც ერთმანეთს საქართველოს სიყვარულით იცნობთ, ერთმანეთს ხელები მოკიდებთ და მაღლა აწიეთ. ეს არის საქართველო - თავისუფალი, ლაღი, მოძრავი, შეუჩერებელი! ჩვენ ხვალ ერთად უნდა გავუთენოთ ამ ქვეყანას. ამდენი და კიდევ მეტი უნდა ვიყოთ ხვალ. დავენახოთ მსოფლიოს!”, - განაცხადა რატი ამაღლობელმა.
ლაშა ბუღაძემ ევროპის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რაც უფრო ბევრი იქნება ხვალ ხალხი, უფრო მალე გაიტანენ უკან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტს.
"ეს დღეები, დღევანდელი დღეც, ხვალინდელი და შემდგომი დღეები საქართველოს ისტორიისთვის არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი. დღეს აქ ვართ ევროპის მოედანზე, ზევიდან დაგვცქერის ვახტანგ გორგასალი, აქ ჰყავდათ ჩვენი წმინდა პატრიარქი ამბროსი ხელაია დაპატიმრებული “ბოლშევიკებს”. საქართველოს ბედი გადაწყვეტილია, ის იქნება დამოუკიდებელი და ევროკავშირის წევრი! ამიტომ, მეგობრებო, დღევანდელი ზეიმი გულისხმობს ჩვენს პოლიტიკურ მობილიზებასაც. ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე. ზეგ, ორშაბათს, “ქართულმა ოცნებამ” ივანიშვილის მარიონეტებმა დანიშნეს საკომიტეტო სხდომა 09:00 საათზე.
ჩვენ უნდა ჩავხედოთ ამ 83 დეპუტატს თვალებში! არ უნდა მიიღონ რუსული კანონი, ამიტომ ბევრი უნდა ვიყოთ. ხვალ საღამოს, 22:00 საათიდან შევიკრიბოთ ეროვნულ და წმინდა, ანტირუსულ ადგილზე პარლამენტის წინ! გავათენოთ საქართველოსთვის! რაც ბევრი ვიქნებით და არ დავიღლებით, უფრო მალე გაიტანენ უკან რუსულ კანონს. მთელი მსოფლიო, ცივილიზაცია ჩვენ შემოგვცქერის. თბილისია ევროპის დედაქალაქია”, - აღნიშნა ბუღაძემ.
ნახეთ ასევე: