ავტორი:

"გარყვნილი ჰერცოგინია" - ქმარი მას ნიმფომანიაკს უწოდებდა და 88 მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობაში ადანაშაულებდა: ყველაზე ცნობილი ბრიტანული სკანდალი

"გარყვნილი ჰერცოგინია" - ქმარი მას ნიმფომანიაკს უწოდებდა და 88 მამაკაცთან სექსუალური ურთიერთობაში ადანაშაულებდა: ყველაზე ცნობილი ბრიტანული სკანდალი

ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა BBC One-ის ახალი სერიალი - A Very British Scandal - რომელშიც მთავარ როლებს კლერ ფოი და პოლ ბეტანი ასრულებენ. სიუჟეტი რეალური მოვლენებზეა დაფუძნებული და არგილის ჰერცოგინიის - მარგარეტ კემპბელის სკანდალური პირადი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.

მარგარეტის ქმარი სასამართლო პროცესზე ამტკიცებდა, რომ მისი ცოლი ნიმფომანიაკი იყო - ეს ამბავი 1960-იანი წლების ლონდონში ყველაზე გახმაურებულ თემად იქცა, მარგარეტი კი მომდევნო 30 წლის განმავლობაში კრიტიკის ობიექტი იყო.

ეტელ მარგარეტ უიგამი 1912 წლის 1 დეკემბერს, ჯორჯ უიგამის, კორპორაციის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მეუღლის ჰელენ მანის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის გაატარა. მშობლებისგან ყურადღების დეფიციტს განიცდიდა, ამიტომ უკვე 6 წლის ასაკში ფსიქოლოგთან მიიყვანეს, გარდა ამისა, მეტყველების პრობლემები ჰქონდა და მეფე ჯორჯ VI- ის ლოგოპედი ლიონელ ლოგი მკურნალობდა.

ერთხელ, როდესაც დედა და ქალიშვილი ბემბრიჯში (არისტოკრატული კურორტი კუნძულ უაიტზე) ისვენებდნენ, მარგარეტის სილამაზემ კინომსახიობ დევიდ ნივენის ყურადღება მიიქცია, რომელმაც არასრულწლოვანთან რომანი გააჩაღა. საქმე ცუდად დასრულდა: გოგონა, რომელიც მხოლოდ 15 წლის იყო, დაორსულდა და ფარულად აბორტის გაკეთება მოუწია.

1930 წელს წლის დებიუტანტად დასახელდა, სწორედ აქედან იწყება მისი გაუთავებელი რომანების სერია: ჯერ პრინც ალი ხანთან, რომლის მუსლიმანური რწმენა არ იყო მიღებული ვიგამების ოჯახში, გლენ კიდსტონი, დაქორწინებული მილიონერი; მაქს აიტკენი, ლორდ ბივერბრუკის ვაჟი; და ფულკე უორვიკი, უსახსრო გრაფი.

20 წლის ასაკში ის საბოლოოდ დაქორწინდა ჩარლზ სვინიზე, ირლანდიელ-ამერიკელ საფონდო ბროკერზე და მოყვარულ გოლფის მოთამაშეზე, რომლის ოჯახიც ნახშირის მოპოვებით გამდიდრდა. წყვილს ორი შვილი, ფრენსისი და ბრაიანი შეეძინა. მათი ქორწინება კი 15 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დასრულდა.

  • ვარაუდობენ, რომ მარგარეტს ნიმფომანია 1943 წელს მომხდარი შემთხვევის შედეგად განუვითარდა - იგი ლიფტის შახტში ჩავარდა და სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. დაზიანებებმა გამოიწვია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, მაგრამ გაამძაფრა სექსუალური სურვილი.

1951 წლის 22 მარტს მარგარეტი არგილის მე-11 ჰერცოგის, იან დუგლას კემპბელის მესამე ცოლი გახდა. მოგვიანებით წერდა: "სიმდიდრე მქონდა, გარეგნობა მქონდა. როგორც ახალგაზრდა ქალს, გამუდმებით მიღებდნენ ფოტოებს, მწერდნენ, ქათინაურებს არ მაკლებდნენ, მაფასებდნენ, შევდიოდი "მსოფლიოს ათი საუკეთესოდ ჩაცმული ქალის" სიაში და კოულ პორტერი თავის ცნობილ ჰიტში "You're the Top"-ში მომიხსენიებდა".

ჰერცოგი დამოკიდებული იყო ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებზე და ნარკოტიკებზე. იმასაც ამბობდნენ, რომ წინა ორ ცოლზე ფიზიკურად ძალადობდა. ერთხელ, როცა ჰერცოგინია ნიუ-იორკში იმყოფებოდა, ეჭვიანმა ჰერცოგმა დაქირავებულ მუშებს მისი ოთახის გაჩხრეკა დაავალა, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს მის კარადაში შენახული ფოტოები, სადაც შიშველი მარგარეტი მამაკაცებთან ერთად პოზირებდა. ერთ-ერთი მამაკაცი, რომლის თავიც ფოტოზე არ ჩანდა, სავარაუდოდ, თავდაცვის მდივანი დუნკან სენდისი იყო, რომელიც მოგვიანებით უინსტონ ჩერჩილის სიძე გახდა.

შეადგინეს 88 კაცის სია, რომლებთანაც, ჰერცოგის მტკიცებით, მის ცოლს სექსუალური კავშირი ჰქონდა. როგორც ამბობენ, სიაში შედიოდა მთავრობის ორი მინისტრი და ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სამი წევრი.

ჰერცოგმა განქორწინების მოთხოვნით ედინბურგის სასამართლოს მიმართა, გადაწყვეტილების მიღებას 4 წელი დასჭირდა. მოსამართლემ მარგარეტს "გარყვნილი ჰერცოგინია" უწოდა და ქმრისთვის კომპენსაციის სახით გარკვეული თანხის გადახდა დაავალა. სკანდალმა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქალის რეპუტაციას.

ყოფილმა არისტოკრატმა თავისი კაპიტალის ბოლო ნარჩენები ფეშენებელურ სასტუმრო Grosvenor House-ში ცხოვრებაში დახარჯა. შვილებთან შერიგება კი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოახერხა, ამ დროისთვის ის უკვე მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდა. მარგარეტ კემპბელი 1990 წელს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო - dailymail