რუსეთმა და საქართველომ არსებული უთანხმოებები წარსულში უნდა დატოვონ და მომავალზე გაამახვილონ ყურადღება. რუსული სააგენტობის ცნობით, ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ, მევლუთ ჩავუშოღლუმ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მომავლის ქვაკუთხედი საერთაშორისო ნორმებისა და უსაფრთხოების გარანტიების საფუძველზე კონფლიქტის დარეგულირებაა, გასათვალისწინებელია მოსახლეობის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა.
მანვე აღნიშნა, რომ ვიდრე არ არის მიღწეული პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრა, კონფლიქტი მთელი რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და სტაბილურობას უშლის ხელს.
"ჩვენ, პირველ ყოვლისა, უნდა გადავჭრათ ისეთი საკითხები, რომლებიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას, მათი უფლებების დაცვასა და მომავლის პერსპექტივებს ეხება. დარწმუნებული ვარ, თუკი მომავალში ურთიერთშეთანხმებითა და გადაჭრით ვიმოქმედებთ, ომის შედეგებით გამოწვეულ ჰუმანიტარულ საკითხებში წარმატებას მივაღწევთ", - განაცხდა ჩავუშოღლუმ.
რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტზე მოსმენა გუშინ გაიმართა. მოსმენას ქართული მხარე არ დასწრებია.