შინაგან საქმეთა სამინისტრო ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა მათ ავტობუსს გადაადგილების საშუალება არ მისცა, რასაც მოჰყვა ინციდენტი.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისში, ლეონიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს, განვმარტავთ, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი ოპერატიული დავალების მიზნით, სპეციალური შუქურის გამოყენებით გადაადგილდებოდა გზის სავალ ნაწილზე.
საავტომობილო გზაზე მოძრავმა ერთ-ერთი ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა, 1991 წელს დაბადებულმა ი.წ.-მ არ გაითვალისწინა სამართალდამცველების არაერთი თხოვნა გაეტარებინა მანქანა და ხელი შეუშალა მათ გადაადგილებაში.
მიუხედავად იმის, რომ ავტობუსი შეეცადა გადაადგილების მიზნით გვერდი აევლო აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისთვის, მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირებმა არ მისცეს ავტობუსს აღნიშნულის საშუალება, რასაც მოჰყვა მათსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება. საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში" - ნათქვამია ინფორმაციაში.
მამაკაცი მანქანაში სავარაუდოდ, ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
თვითმხილველები წერენ, რომ ახალგაზრდამ სპეცრაზმის ავტობუსს, რომელიც ე.წ. "პროწივზე" მოდიოდა, გზა არ დაუთმო, რასაც ინციდენტი მოჰყვა. ახალგაზრდა, რომელიც კადრებზეა ასახული, ირაკლი წიგნაძეა.
წაიკითხეთ ასევე: