დიაბეტი ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება, რომელიც სისხლში შაქრის მომატების პარალელურად, სხვა არაერთ პრობლემასაც იწვევს. ერთ-ერთი ასეთი კი დიაბეტური ტერფია. ფეხის პრობლემების უმეტესობა, რომელსაც დიაბეტით დაავადებული ადამიანები აწყდებიან, გამოწვეულია სისხლძარღვების დაზიანებით. სისხლით ცუდად მომარაგება აქვეითებს მგრძნობელობას, რაც იწვევს დაზიანებებს და ხშირია ინფექციები.
როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ანგიოლოგი, ანგიოქირურგი გიგი ბრეგაძე განმარტავს, დიაბეტური ტერფი შაქრიანი დიაბეტის გართულებაა, რომელსაც შეიძლება იყოს ნეიროიშემიური ან ნეიროპათიური.
რა პროცესები მიმდინარეობს დიაბეტური ტერფის დროს და რით განსხვავდება მისი ტიპები?
დაავადების ტიპები მისი წამყვანი ფაქტორის მიხედვით განსაზღვრება. ეს შეიძლება იყოს ნეიროპათიური ან ნეიროიშემიური. ნეიროპათიის დროს საქმე გვაქვს ნერვული სისტემის პრობლემის გამო გამოწვეულ დაწყლულებასთან ან ინფიცირებასთან. ნერვული დაბოლოებები ზიანდება და ირღვევა მგრძნობელობა ტერფის დონეზე. როდესაც ნეიროპათიურს ემატება სისხლძარღვოვანი პათოლოგია, აქ საქმე გვაქვს ნეიროიშემიურ დაავადებასთან. ამ დროს სისხლის მიმოქცევა დარღვეულია იმის გამო, სისხლძარღვები შევიწროებული ან დაკეტილია. გართულებების თვალსაზრისით, ეს უკანასკნელი უფრო საშიშია, რადგან კიდურის დაკარგვა უფრო ხშირად ხდება.
რა არის ის პირველადი ნიშნები და სიმპტომები, რომლის დროსაც ექიმთან მიმართვაა საჭირო?
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტის მქონე პაციენტებმა ამ პათოლოგიის შესახებ იცოდნენ და სათანადო ყურადღება მიაქციონ.
ამ დროს ხშირია დაბუჟება, თითქოს მთლიანი ფეხის გული უგრძნობია, წვის და/ან სიცივის შეგრძნება ჩნდება. ეს ქრონიკული პროცესია და ნელ-ნელა პროგრესირებს. ტერფის შეგრძნებები იმდენად დაზიანებულია, რომ ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნოს ტემპერატურა, ტკივილი, ზეწოლა და ამის გამო ფიზიკური დაზიანება მიიღოს. მეტიც, ქსოვილთა კვდომის პროცესი ისე შეიძლება დაიწყოს, რომ ადამიანი ამას ვერ მიხვდეს ასევე დაქვეითებული შეგრძნებების გამო. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან დროული მიმართვა.
როდესაც აღნიშნული სიმპტომები ჩნდება უნდა მოხდეს სისხლძარღვთა სისტემის შემოწმებაც, რადგან მაღალი შანსია, რომ ათეროსკლეროზიც გაჩნდეს. ამ დროს გახშირებული ჩივილია ფეხის კუნთების ხშირი დაღლა.
სამწუხაროდ, ხშირად ჩვენთან მომართვა უკვე გართულებული ფორმის დროს ხდება, როდესაც ინფიცირება და დაწყლულება გვაქვს სახეზე. ამ დროს ქსოვილები უკვე დარღვეულია და შესაბამისად, მკურნალობაც გართულებულია.
როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება?
პირველ ეტაპზე, დიაგნოსტირება ფიზიკალური გასინჯვით ხდება. ამ დროს ვნახულობთ არის თუ არა მიკროცირკულაცია შეცვლილი, ხელით ისინჯება თუ არა პულსი მაგისტრალურ არტერიებზე, ვაფასებთ მგრძნობელობის ხარისხს. შემდგომი ეტაპია ულტრაბგერითი კვლევა, რომელიც სრულფასოვან ინფორმაციას გვაძლევს. თუ ქირურგიული ჩარევა საჭიროა, ანგიოგრაფიული კვლევებიც ინიშნება, რომ დაზიანების ზუსტი ლოკალიზაცია და ხარისხი განვსაზღვროთ.
რამდენად შესაძლებელია დაავადების პრევენცია? რა უნდა გაითვალისწინონ დიაბეტის მქონე პაციენტებმა დიაბეტური ტერფის თავიდან ასარიდებლად?
დიაბეტური ტერფი ვითარდება არაკონტროლირებადი დიაბეტის დროს, როდესაც პაციენტს სისხლში მაღალი შაქარი აქვს. სწორედ ეს არის ნეიროპათიის განვითარების წინაპირობა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დროულად და ადეკვატურად ხდებოდეს დიაბეტის მართვა.
დიაბეტური ტერფის დროს მნიშვნელოვანია ასაკობრივი ფაქტორი. ეს პათოლოგია ძირითადად 60+ ასაკის ადამიანებს აწუხებთ. ამიტომ ამ ასაკში განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენაა საჭირო.
როგორ ხდება დიაბეტური ტერფის მკურნალობა?
დაავადების საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია თერაპიული მკურნალობა. პროცესში ჩართული უნდა იყოს ენდოკრინოლოგი, რიგ შემთხვევებში კი - ნევროლოგიც.
როდესაც საქმე გვაქვს წყლულთან, თერაპიული მკურნალობა ეფექტური აღარ არის. ამ დროს ანგიოქირურგები დაკეტილი სისხლძარღვების გახსნას და სისხლის მიმოქცევის აღდგენას ვახდენთ, რომ რეგენერაციის უნარი დავაჩქაროთ და წყლულის შეხორცება დაიწყოს.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ დაავადების მართვა როგორც ტრადიციული ქირურგიული, ისე თანამედროვე ენდოვასკულარული გზებით ხდება. დაახლოებით ოცი წლის წინ მხოლოდ ტრადიციული ოპერაციები კეთდებოდა. ახლა კი მედიცინა ტექნოლოგიურად ძალიან განვითარდა და ენდოვასკულარული მეთოდი ძალიან მოთხოვნადია. ამ დროს საშუალება გვაქვს, ქრონიკულად დაკეტილი სისხლძარღვი გავხსნათ თავად ტერფშიც კი და ლოკალურად სისხლის მიწოდება აღვადგინოთ. ეს წარმატებული მკურნალობის საწინდარია.
დიაბეტური ტერფის დროს, ხდება თუ არა ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა? ზოგადად, რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა?
რა თქმა უნდა, პირველ რიგში დიაბეტის მკაცრი კონტროლი უნდა მოხდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესი. კვება უნდა იყოს დარეგულირებული.
რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, რაც უფრო აქტიურია ადამიანი, მით უფრო ჯანსაღია ორგანიზმი. ფიზიკური აქტიურობის დროს სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, შესაბამისად, ეს ფაქტორი დადებითად მოქმედებს დიაბეტური ტერფის გართულებებზე.
R