ავტორი:

"აირსოფტის" იარაღები ვიზუალურად ნამდვილის მსგავსია... პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის, ეს ბურთებიც ფოტოზეა" - რა ამოიღო შსს-მ უჩა აბაშიძის სახლიდან და რას წერდა ბლოგერი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე?

"აირსოფტის" იარაღები ვიზუალურად ნამდვილის მსგავსია... პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის, ეს ბურთებიც ფოტოზეა" - რა ამოიღო შსს-მ უჩა აბაშიძის სახლიდან და რას წერდა ბლოგერი დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე?

სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე გუშინ საკუთარ სახლში დააკავეს. მანამდე რამდენიმე საათი მის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით შსს-მ განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ბლოგერის სახლიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

უწყება განმარტავს, რომ უჩა აბაშიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა სამთავრობო უწყების, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. (წაიკითხეთ შსს-ს განცხადება სრულად)

რას წერდა უჩა აბაშიძე დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე?

"მეგობრებო, ნუ ჰყვებით მთავრობის პროპაგანდას, უზარმაზარი მიტინგების წინააღმდეგ, სპეც საშუალებების გამოყენება და არეულობის გამოწვევა (რაც მერე იწვევს ჭყლეტას და ჯანმრთელობის დაზიანებებს)არის სრულიად მთავრობის პასუხისმგებლობა მთავრობის მხრიდან - ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებით/მკვლელობით მუქარა (და ამის გამო აქციაზე მოსვლის აკრძალვა) - არის ვაფშეტა სისხლის სამართლის დანაშაული.

არაფერი "გზა" არ არსებობს როგორ გადარჩე ჭყლეტაში, თუ მთავრობამ გაგწირა და გადაწყვიტა მრავალ ათეულ ათასიანი მიტინგი - დაშალოს, თავის საქციელზე პასუხს აგებს დაშლის გადაწყვეტილების მიმღები. ამაშია "ხალხის რაოდენობის ძალა" - დიდ მიტინგს უნდა დამორჩილდეს მთავრობა და ძალა არ გამოიყენოს თავისი მოსახლეობის წინააღმდეგ. მთავრობა, რომელმაც ხალხის ამხელა მასის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა - უნდა აგოს პასუხი. ორი აზრი და "ტრიუკი" არ არსებობს მანდ, როცა ამდენი ხალხი მოვიდა - უნდა დამორჩილდეს ხელისუფლება და შეასრულოს ხალხის ლეგიტიმური და ფრიად მარტივი მოთხოვნა - ვადაგასულმა პარლამენტმა, გაიწვიოს კანონი.

მხოლოდ იმას გპირდებით, რომ მე ვიქნები აქციაზე, სულ პირველ რიგებში და ყველაზე პირველი მე დამიშავდება - რისი დაშავებითაც მთავრობა გვემუქრება. რასაც ახლა მთავრობა შვება, ავადმყოფურია. ერთადერთი გზა არის, არ შეგვეშინდეს და ვაჩვენოთ ვინ არის ნამდვილი ხელისუფლება და ვინ არიან დამნაშავე უზურპატორები.

ბლოგერის დაკავებიდან და შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადებიდან მალევე ცნობილი ხდება, რომ უჩა აბაშიძის სახლში ამოღებული იარაღი, რომლის ვიდეოსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, ძირითადად სათამაშოა - სათამაშო თოფები და ტყვიები. კერძოდ, ეს იარაღები "აირსოფტის" სათამაშო იარაღებია. ცნობილია, რომ აბაშიძე საქართველოს "აირსოფტის" ფედერაციის პრეზიდენტია და 20 წელზე მეტია ამ "აირსოფტს" თამაშობს. შესაბამისი აღჭურვილობით აბაშიძე ფოტოებსა და ვიდეოებს სოცქსელში ხშრად აქვეყნებდა.

რა არის "აირსოფტი"?

"აირსოფტი" არის გუნდური საბრძოლო სპორტული თამაში, სათამაშო იარაღებით. შინაარსობრივად იგივეა რაც პეინტბოლი, ოღონდ არ ხდება საღებავების სროლა, არამედ იარაღი ისვრის 6მმ მჩატე, პლასტმასის, ბიოდეგრადირებად ტყვიებს. "აირსოფტის" იარაღი ვიზუალურად ნამდვილი იარაღის მსგავსია, თუმცა სათამაშოა, ბატარეის გარეშე არ მუშაობს ნამდვილ ტყვიას არ ისვრის.

აირსოფტის ქართველი მოთამაშეები

ანა აბაშიძე, რომელიც ამ თამაშს უკვე 6 წელია თამაშობს, სოცქსელში წერს:

"6 წელია "აირსოფტს" ვთამაშობ. რვა წლის ასაკიდან მოყოლებული დღემდე, კომპიუტერულ თამაშებში ყველაზე მეტად შუთერები მიყვარს. უჩა თავისი თინეიჯერობიდან მოყოლებული ანუ 20+ წელია რაც აირსოფტს თამაშობს, ხოდა მეც დიდი გოგო რომ გავიზარდე, შემომთავაზა 24/7 შუთერებს რომ თამაშობ, მოდი რეალობაში ითამაშეო. უჩამ მაჩუქა "აირსოფტის" სათამაშო იარაღი მთელი ეკიპირებით (სათვალე, მჭიდები, კამუფლაჟი, ხელთათმანები და ა.შ)

უჩას სახლში ამოღებული იარაღებიდან ყველა, ორის გარდა, იყო "აირსოფტის" სათამაშო იარაღი (ჩემი იარაღის ნაწილიც წაიღეს, უჩასთან მქონდა გასაკეთებლად დატოვებული) ის ორი ნამდვილი იარაღი კი უჩას სახელზეა რეგისტრირებული (სერიული ნომრები ვიდეოში გაბლარული რომ იყო, ეგენია).

ვიღაცები წერდნენ ტყვია თუ შიშველ კანზე მოგხვდა დაგასახიჩრებსო. ფოტოებს გადახედეთ შიშველ მოთამაშეს ხედავთ ვინმეს? "აირსოფტი" როგორც უკვე ვახსენე არის სპორტული თამაში. შესაბამისად აქვს თავისი ჩაცმის/აღჭურვის წესები. სათვალის გარეშე არავინ არ თამაშობს. ახლო მანძილიდან მოხვედრილი ტყვია მწარეა მაგრამ ზუსტად 2 წამით, ასევე 6 საათიანი ომობანას თამაშისას კი ხანდახან პატარა დაზიანებები შეიძლება მიიღო, თუმცა დაზიანებების მიღება არცერთი სპორტისთვის არ არის უცხო ამბავი.

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე წერს:

"აირსოფტი" ვისაც უთამაშია, ხომ ყველა ხვდება რა არის ფოტოზე? სათამაშო იარაღები, რომლებიც პატარა პლასტმასის ბურთებს ისვრის. ეს ბურთებიც ფოტოზეა, შეკვრებში, შემოხაზულ წრეში. უჩა აბაშიძე ამ კლუბის პრეზიდენტია და ცხადია, ბევრი ასეთი სათამაშო ჰქონდა სახლში.

მაგრამ ივანიშვილს ჰგონია, რომ მათი ამომრჩეველი და მაყურებელი ჩლუნგია და მოატყუებს. ასე უყურებს ქართველ ხალხს".

აბაშიძის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.