ავტორი:

"შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ უნდა ვთქვა... მტერი მობილიზებულია" - რას ჰყვება "შავი არწივის" მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და დაღუპულ ქართველებზე

"შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ უნდა ვთქვა... მტერი მობილიზებულია" - რას ჰყვება "შავი არწივის" მეთაური ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და დაღუპულ ქართველებზე

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში, ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტიშვილი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვედანაყოფმა "შავმა არწივმა", რომლის შემადგენლობაშიც ქართველი მებრძოლი, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან ირიცხებოდა.

AMBEBI.GE დანაყოფის მეთაურს, ვაკო სულაძეს იმ დღესვე დაუკავშირდა და ქართველი მებრძოლის, ამ კონკრეტული ოპერაციისა და რუსეთ-უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ საუბარი სთხოვა. მეთაურმა გვაცნობა, რომ ოპერაცია ჯერ არ იყო დასრულებული და როგორც კი საუბრის შესაძლებლობა მიეცემოდა, თავად დაგვიკავშირდებოდა. მეორე დღესვე "შავმა არწივმა" კიდევ ორი გამორჩეული მებრძოლი დავით გოგაძე და ბესო ლომიძე დაკარგა.

რა მოხდა ავდეევკის მიმართულებით, როგორი ვითარებაა ახლა იქ და ზოგადად, ფრონტის ხაზზე, როგორია ქართველი მებრძოლების განწყობები და რა მოლოდინები აქვთ უკრაინელებს, ამის შესახებ "შავი არწივის" მეთაური გვესაუბრება.

ვაკო სულაძე:

- სამი საუკეთესო მებრძოლი დავკარგეთ, სამივე ერთმანეთზე უკეთესები იყვნენ, ჯერ კიდევ მიჭირს ამ თემაზე საუბარი. აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ჩვენ ეს ოპერაცია 3 მაისს დავიწყეთ, ბოლო დრომდე ბახმუტის მიმართულებაზე ვიყავით, ავდეევკისკენ ცოტა ხნის წინ გადმოგვისროლეს. ოპერაცია მიზნად ისახავდა მტერზე კონტრშეტევის მიტანას. ერთი კორპუსი მთლიანად გავწმინდეთ, მტრის ძალებისგან. სოსო გუგუტიშვილი სწორედ წმენდითი სამუშაოების დროს დაგვეღუპა - ნაღმზე აფეთქდა. ნაღმზე აფეთქების გამო ჯგუფის სხვა წევრებიც დაზიანდნენ... დაჭრილების ევაკუაცია კი მოვახერხეთ, მაგრამ სოსოს ცხედარი შენობაში დაგვრჩა. სამწუხაროდ მოგვიწია უკან დახევამ და ძალების გადაჯგუფებამ. მეორე დღეს ისევ დავიწყეთ შეტევითი სამუშაოები, მაგრამ ჩვენი მიზანი მტერზე კონტრშეტევა კი არა, სოსოს ცხედრის გამოყვანა იყო. ოპერაციის მსვლელობისას, ორთაბრძოლებში დავით გოგაძე და ბესო ლომიძე დაგვეღუპნენ.

სოსო გუგუტიშვილი

- საბოლოო ჯამში, ოპერაციის მიზანი თუ შესრულდა ან ცხედრები თუ გამოიყვანეთ?

- სამწუხაროდ, მიზანი ვერ შესრულდა, უკრაინულმა ჯარებმა დატოვეს ტერიტორია. "შავი არწივი" ოთხი დღის განმავლობაში ებრძოდა მტრის ძალებს, ბოლოს ტერიტორია ჩვენც დავტოვეთ.

- უკრაინული ჯარების უკანდახევის მიზეზი რა იყო?

- მტრის ინტენსიური შეტევა, და მოეწონება ვინმეს ეს თუ არა, უნდა ვთქვა, მტრის პროფესიონალიზმი. მტერი მობილიზებულია, კარგად არის შეიარაღებული და რიცხობრივადაც ჩვენზე მეტია. ისიც უნდა ვთქვათ, ჩვენ პროფესიონალი, კარგად გაწვრთნილი სამხედროები გვებრძოდნენ და არა, მოხალისეები. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერცერთი ცხედრის გამოყვანა ვერ მოვახერხეთ, "შავი არწივი" დაკვირვების პროცესშია, ვნახოთ რა იქნება.

დავით გოგაძე და ბესო ლომიძე

- გაბრაზებული ჩანხართ...

- არავითარ შემთხვევაში, ბრაზმა შეიძლება შეცდომები დამაშვებინოს, მე შეცდომების დაშვების უფლება არ მაქვს, მე შეცდომებს არ ვუშვებ, იმიტომ რომ მე "შავ არწივის" მეთაური ვარ. "შავი არწივი" არის ქვედანაყოფი, რომელიც ყველაზე რთულ მისიებს ასრულებს, ჩვენ შევდივართ ისეთ ადგილებში, სადაც არ და ვერ შევიდა, მაგალითად უკრაინის სამხედრო ქვეითი დანაყოფი და მისი სადაზვერვო ჯგუფი. ჩვენ მივიღეთ დავალება და შევასრულეთ კიდეც.

- რა გამოწვევების წინაშე დგას უკრაინული არმია?

- უკრაინული არმია იბრძვის, საკუთარი სამშობლოს დასაცავად, ამას აკეთებს ისე, როგორც შეუძლია, რამდენადაც შეიარაღება ამის შესაძლებლობას იძლევა. უნდა ითქვას, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, რუსეთი აწარმოებს შეტევებს თითქმის ყველა მიმართულებიდან - ხარკოვიდან, ავდეევკიდან, ბახმუტიდან, ზაპოროჟიედან...

- როგორია თქვენი, როგორც მებრძოლის ვერსია, მხოლოდ დაგვიანებული დახმარების შედეგია ფრონტის ხაზზე შექმნილი კრიტიკული ვითარება?

- იცით, რაშია საქმე? ამ ქვეყანამ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეძლო ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა რუსეთისთვის, რა შეცდომებზე უნდა ვილაპარაკო? უკრაინელი ხალხი უდიდეს ტირანს ებრძვის. ამ მოცემულობაში ჩემი საქმე მხოლოდ მათი დახმარებაა და არა კრიტიკა. ასეც ვაკეთებ, აგერ უკვე 8 წელია.

ვაკო სულაძე

- უკრაინაში მანამდე წახვედით, ვიდრე ფართომასშტაბიანი ომი დაიწყებოდა?

- კი, 2014 წლიდან აქ ვარ. მაშინ ჯერ კიდევ 21 წლის ვიყავი. მანამდე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი. სამწუხაროდ, საქართველომ შესაბამისი წინააღმდეგობა ვერ გაუწია რუსულ ურჩხულს. ამიტომ როგორც კი მომეცა მტერთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა, მომენტი გამოვიყენე. ჩემი მოტივაცია იყო და დღემდე არის საერთო მტრის დამარცხება.

- საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს ძალადობრივი სცენარების განვითარებას. მათი ინფორმაციით, დანაშაულებრივ გეგმებში ჩართულია უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი...

- ვერაფერს გეტყვით, ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, „შავი არწივი“ არის სამხედრო ქვედანაყოფი და აწარმოებს საბრძოლო ოპერაციებს. ჩვენი ერთადერთი მიზანი, რუსეთის ფრონტის ხაზზე დამარცხებაა. ჩვენ ძალიან სერიოზული ოპერაციები გვაქვს ჩატარებული. ჩვენი არც ერთი მებრძოლი არ იმყოფება თბილისში, ან სადმე სხვაგან, ყველანი საბრძოლო მოქმედებების ზონაში ვართ.