ავტორი:

დიქტატორმა მორიგი აღლუმი ლაოსის და გვინეა-ბისაუს ლიდერებთან ერთად ჩაიბარა - რა ხდებოდა წითელ მოედანზე და ვინ დაესწრო 9 მაისის აღლუმს? (ფოტოები)

დიქტატორმა მორიგი აღლუმი ლაოსის და გვინეა-ბისაუს ლიდერებთან ერთად ჩაიბარა - რა ხდებოდა წითელ მოედანზე და ვინ დაესწრო 9 მაისის აღლუმს? (ფოტოები)

მოსკოვში, წითელ მოედანზე, საბჭოთა კავშირის ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავის აღსანიშნავად, სამხედრო აღლუმი გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, აღლუმში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 9000-მა სამხედრომ. ამ დროისთვის მოსკოვში უჩვეულოდ ცივი ამინდია, აღლუმის კადრებში ჩანდა, რომ თოვს.

აღლუმს რვა ქვეყნის ლიდერი დაესწრო - უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის პრეზიდენტები, ასევე ლაოსის, გვინეა-ბისაუს და კუბის სპეციალურად მოწვეული ლიდერები.

  • სომხეთის პრემიერ მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც წინა დღეს, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე დასასწრებად ჩავიდა მოსკოვში, აღლუმზე არ დარჩა და სამშობლოში დაბრუნდა.

თავის გამოსვლაში პუტინმა გამარჯვების დღეს რუსეთის "მთავარი დღესასწაული" უწოდა. გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები, დაადანაშაულა ისინი ისტორიის გაყალბებაში და ნაციზმის რეაბილიტაციის მცდელობაში დასდო ბრალი.

"რუსეთი ყველაფერს გააკეთებს გლობალური შეტაკების თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული ძალები ყოველთვის მზადყოფნაში არიან“, - განაცხადა პუტინმა.

  • აღსანიშნავია, რომ აღლუმს არ ესწრებოდნენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. ლიდერები, ასლან ბჟანია და ალან გაგლოევი. უცნობია, მიიღეს თუ არა მათ აღლუმზე დასასწრებად მიწვევა. მანამდე, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ ისინი არ მიიწვიეს პუტინის ინაუგურაციაზე, რომელიც 7 მაისს გაიმართა, თუმცა უნდა აღნიშნოს, რომ ზოგადად ინაუგურაციას უცხოელი ლიდერები არ ესწრებოდნენ, იყვნენ მხოლოდ უცხოელი დიპლომატები და მათ შორის ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც.

როგორც აფხაზური გამოცემა "აფსნიპრესი“ წერს, დღეს ასლან ბჟანიამ "დიდ სამამულო ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო, ხოლო ალან გაგლოევი ცხინვალში გამარჯვების დღის აღლუმს დაესწრება“.