უკვე რამდენიმე კვირაა არ ცხრება მღელვარება კანონზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". საზოგადოების ნაწილი პროტესტს აქციაზე გამოხატავს. გაზეთ "კვირის თაობაზე" მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მიმდინარე პროცესებზე საუბრობს:
- როცა უკვე ხმის ამოღების უფლებას არ გაძლევენ და "არა რუსეთსაც" ვერ იძახი, ხომ უნდა დაფიქრდე, საით მიექანები და რა გელის? უსამშობლოს ეძახიან ადამიანებს, რომლებიც სწორედ ამ სამშობლოს იცავენ. აქციების დარბევა არაერთხელ გვინახავს. წინა დარბევებსაც ხშირად იხსენებენ და არ შეიძლება ის აპროტესტო და ეს სიამოვნებას გგვრიდეს, ან რეაქცია არ გქონდეს, რადგან დღესაც იგივე ხალხი გვარბევს.
- ერთ-ერთი აქციის დროს პრეტენზია ჰქონდათ სხვა მოქალაქეებსაც, როდესაც გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად ექცეოდა მანქანაში მსხდომთ, რამაც მათი პროტესტიც გამოიწვია...
- არ გამოვრიცხავ, რომ იქ შემოგზავნილიც ბევრი იყოს, გვინახავს ასეთები. მაგალითად, ჭიშკარს ანგრევდნენ, ზურა "გირჩი" ჯაფარიძე ეუბნებოდა, ნუ ანგრევთო და სპეციალურად აკეთებდნენ იმავეს. სასწრაფო დახმარების მედიკოსის ფორმაგადაცმული ვიღაც დადიოდა და ახალგაზრდებს მალულად ფოტოებს უღებდა. არავის ინდობენ და ყველაფერზე წამსვლელი არიან. რობოკოპს ხელჯოხიანი ბაბუა რომ გიდგას წინ და წიწაკის სპრეის შეასხამ, რაღაზეა საუბარი? ბავშვებს ყველას ვუხსნით, რომ აგრესია არ შეიძლება. ბარიკადები რომ ააშენეს და ნაგვის ურნები ააყირავეს, მერე დილის 5 საათზე დაიარეს და იქაურობას საკუთარი ხელით ასუფთავებდნენ. ვამაყობ მათით, ნაგავს არსად არ ტოვებენ. 29 აპრილის კონტრაქციის მერე ქალაქი რას ჰგავდა, კი გახსოვთ. ჩემთვის აქედან იწყება ზრუნვა იმ გარემოზე, რომელიც გიყვარს. ჩემთვის მტკივნეულია, რომ 29-ში ჩამოყვანილ ადამიანებს არც ერთი მთავრობის დროს არ ეღირსათ ნორმალური ცხოვრება, არჩევნებიდან არჩევნებამდე, გაჭირვების გამო, ფულის სანაცვლოდ დადიან. ზემოდან, სცენიდან, მილიონერები და მილიარდერები იმ ღარიბ ადამიანებს უხსნიდნენ, თუ როგორი კარგი ცხოვრებაა საქართველოში. როცა აქციაზე მიდიხარ და სახეს არ აჩენ, რაღაზეა საუბარი. აქციაზე იმიტომ მივდივარ, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, თამამად ვდგავარ. ამათ თვითონაც ხომ იციან, როგორ ჩამოიყვანეს უმეტესობა. სამწუხაროდ, ისინი მთავრობებისთვის მხოლოდ ციფრები, სტატისტიკა არიან და არა ადამიანები. ესაა მტკივნეული.
- მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქართველი საზოგადოება კვლავ ორად გაიხლიჩა და კიდევ უფრო უარესი - თაობებად დაიყო. ორივე მხარეს ქართველი, საქართველოს მოქალაქე დგას და ერთმანეთის მიმართ ასეთი აგრესიის გამოვლენა დიდი უბედურებაა. დილემა, რომლის წინაშეც ვდგავართ, სწორედ ორივე მხარის ლიდერებმა უნდა გადაჭრან.
- კი, ეგ ტრაგედიაა და ამაზე მუშაობენ, 12 წელია მეტი კი არაფერი გაუკეთებიათ, "ნაცებს" გვეძახიან, გვამუნათებენ და ამ დროს ხარება და მურუსიძე ჰყავთ გვერდით, პარლამენტში ნახევარი გაქოცებული "ნაცი" არ ზის? ბექა ოდიშარია მიშა სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული სვამდა, კახა კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა. ახლა მიტრიალდებიან და მე მეუბნებიან, ვიღაცის გვერდით ქუჩაში ნუ დგახარო? იმდენს ნუ დააშავებ, რომ აღარ მაინტერესებდეს ქუჩაში ვინ დგას, იმიტომ, რომ მე ვერავის გადაშენებას ვერ დაველოდები, ისედაც ბევრი რამაა გასაგები - "ნაცები" და "ქოცები" ერთმანეთს ასულდგმულებენ, ზიზღისა და ნგრევის მეტი არაფერი უკეთებიათ, ხალხი ერთმანეთს გადაკიდეს. "ნაცების" ამომრჩეველი "ქოც" პუტინისტს მეძახის, არაევროპელსა და კაცთმოძულეს, საშინლად მლანძღავს მეორე მხარეც. მე ჩემი ღირებულებები მაქვს და არ შეიძლება რომელიმე პარტიას მოვწონდე.
- რა იყო ის მთავარი ბიძგი, რამაც აქციაზე გაგიყვანათ?
- პირობა დადეს, რომ ამ კანონს არასდროს დაუბრუნდებოდნენ, და იმაზე ხომ უნდა დაფიქრდე, რატომ შემოაბრუნეს. ამის მიზეზი რუსეთია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რაც ამ კანონში წერია და როგორ იცვლებოდა მუხლების მიხედვით რუსეთში. მე ის უფრო მაინტერესებს, რაზე იხარჯება ჩემი ქვეყნის ბიუჯეტი, სადაც უცხოელი დონორები თანხებს რიცხავენ. სად წავიდა ის 600-ათასი დოლარი, რომელიც გელათის რესტავრაციისთვის იყო გამოყოფილი და დღეს თავზე მენგრევა; მუზეუმისთვის გამოყოფილი 2 მილიონი და ა.შ. სად მიდის ეს თანხები? სოფლებში გზაც კი უცხოური გრანტებითაა გარემონტებული, თორემ ამ ორგანიზაციებს ისედაც გამჭვირვალე შემოსავლები აქვთ და აქამდეც აკონტროლებდნენ, დამატებითი მექანიზმები შეიმუშაონ და არა ეს კანონი, რომლითაც სიტყვის თავისუფლება იზღუდება. თუ ამ კანონს იმისთვის ვიღებთ, რომ უცხო ქვეყნის გავლენა არ დომინანტობდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით, ლობისტურად, მაშინ დღევანდელი მოქმედი მტერი ჩაწერონ - რუსეთი და ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩემი ქვეყნის მთლიანობას არ აღიარებს. ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთა, რომ რამენაირად დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით და როგორ შეიძლება ერთ სიბრტყეზე დავაყენო ის და რუსეთი? ჩაწერონ რუსეთიც და ხმას აღარ ამოვიღებ. რუსეთის მოქალაქეები აქ უპრობლემოდ ცხოვრობენ და ჩემი ქვეყნის მოქალაქეები ემიგრაციაში გარბიან. 29-ში აქციაზე მდგომ ხალხს მოეკითხა, რატომაა ფასები, გადასახადები ევროპაზე ძვირი?
- თქვენი აზრით, პროტესტი რა შედეგს მოიტანს? გამოსავალი რაშია?
- ვა-ბანკზე მიდიან და ესაა საშინელება. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ხალხმა ერთხელ მაინც უნდა ასწავლოს ჭკუა, რათა დადებული პირობა შეასრულებინოს. მერამდენედ დაარღვიეს პირობა? ღირსებით ევროპისკენო, რომ ამბობენ, როგორ მიდიხარ ღირსებით, როცა მთელი ევროპა გეუბნება, ამ კანონით ვერ შემოხვალო? წაიკითხეთ სრულად