ავტორი:

პარლამენტთან აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს: ბრიფინგი შსს-ში

პარლამენტთან აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს: ბრიფინგი შსს-ში

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, სულხან თამაზაშვილის განცხადებით, პარლამენტთან, "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თამაზაშვილმა განმარტა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში ისროდნენ, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ.

  • თამაზაშვილის თქმითვე, 15 აპრილიდან დღემდე, საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, ცკპდ-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა დაწყებული.

"გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციებზე მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით 6 პირი დააკავა.

საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხების პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებდა თვალს, რომ მიმდინარე აქციების პერიოდში, პოლიტიკური ლიდერები, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არაერთხელ გასცდნენ შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.

აქციის მონაწილეები, სხვადასხვა დროს, ძალადობრივი ქმედებებით, სხვადასხვა ნივთებისა და კონსტრუქციების ასევე, გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი აირის გამოყენებით ახორციელებდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას და თავდასხმებს ადგილზე მყოფ პოლიციელებზე.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები სხვადასხვა მძიმე საგანს, მათ შორის, ბოთლებს, ქვებს, მხუთავ და ცრემლსადენ ნივთიერებას და რკინის ნაჭრებს ისროდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის ეზოში, სადაც იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ასევე, განთავსებული იყო სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები.

საზოგადოებამ კარგად იხილა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ შენობაზე განთავსებულ ვიდეო სამეთვალყურეო კამერებსა და თბილისის მერიის საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ნივთს.

აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული ძალადობრივი თავდასხმების შედეგად, დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს შვიდმა თანამშრომელმა, აქედან ერთს გაუკეთდა ოპერაცია და ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას.

მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერად დაიწყო გამოძიება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8-9 მაისს 6 პირი დააკავა.

კერძოდ, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 16 აპრილს, აქციის მიმდინარეობისას, ერთ-ერთმა დაკავებულმა, სამართალდამცველთა მიმართულებით ისროლა ბლაგვი საგანი, რის შედეგად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელმა, თვალის არეში დაზიანება მიიღო.

ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა, მიმდინარე წლის 16 აპრილს, დააზიანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ავტომობილი.

1-2 მაისს, მიმდინარე აქციის დროს, დაკავებულთაგან ორმა პირმა დააზიანა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის ვიდეო სამეთვალყურეო კამერები.

1-ელ მაისს, ერთ-ერთმა დაკავებულმა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციის დროს, დააზიანა პარლამენტის ჭიშკარი, ასევე, ისროლა ქვა პარლამენტის ეზოში მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგად დაზიანება მიიღო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველმა.

ასევე, 1-ემ მაისს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთმა პირმა დააზიანა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობაზე დამონტაჟებული გარე სამეთვალყურეო კამერა.

აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187- ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ყველა შესაბამის საგამოძიებო მოქმედებას იმ პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც მიმდინარე აქციების დროს განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

აქვე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების შესახებ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:

სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება",- განაცხადა თამაზაშვილმა.