ავტორი:

სისხლიანი გარჩევა რეპერ დრეიკის სახლთან - ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ცნობილ მომღერლებს შორის დაპირისპირებას

სისხლიანი გარჩევა რეპერ დრეიკის სახლთან - ეს შეიძლება უკავშირდებოდეს ცნობილ მომღერლებს შორის დაპირისპირებას

ცნობილი კანადელი რეპერისა და მსახიობის დრეიკის დაცვის თანამშრომელი სიცოცხლისთვის იბრძვის მას შემდეგ, რაც ტორონტოში, რეპერისა და ჰიპ-ჰოპ შემსრულებელ კენდრიკ ლამართან უთანხმოების ფონზე დაჭრეს. 48 წლის მამაკაცი 100 მილიონ დოლარად შეფასებული სახლის წინ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით იპოვეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი სამშაბათს, დილის 2 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია იმყოფებოდა თუ არა დრეიკი სახლში შემთხვევის დროს. პოლიციის განცხადებით, ის გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ. დრეიკის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრობა შეზღუდულია, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. თვითმხილველების თქმით, დაშავებულს რამდენჯერმე ესროლეს, მას ერთ-ერთი ჭრილობა გულმკერდის ზედა ნაწილში აქვს მიყენებული, ექიმებმა მის მდგომარეობას "სიცოცხლისთვის საშიში" უწოდეს.

დაახლოებით ერთი საათით ადრე, ოაკვუდის სოფელში, სროლის შედეგად მამაკაცი მოკლეს, ხოლო ქალი დაჭრეს. უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი სროლა ერთმანეთს.

დრეიკისა და მისი კონკურენტის, კენდრიკ ლამარის დაპირისპირება საკმაოდ ცნობილია, თუმცა ეს უთანხმოება სიტყვიერ შეურაცხყოფას არ გასცდენია. დანაშაულის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

რეპერის სახლი, რომელიც ტორონტოს მდიდრულ უბანში მდებარეობს, კენდრიკ ლამარის ახალი სიმღერის, Not Like Us-ის ვიდეოშიც გვხვდება. ვიდეოში ლამარი დრეიკს არასრულწლოვან გოგონებთან ურთიერთობაში ადანაშაულებს. დრეიკის სახლის ფოტო კი იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ რეპერი თავის ჭერქვეშ არაერთ სექსუალურ მოძალადეს იფარებს.

სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ინსპექტორმა პოლ კრაუჩიკმა განაცხადა, რომ იკვლევენ, ეს სროლა დაკავშირებულია თუ არა რეპერებს შორის უთანხმოებასთან.