ავტორი:

"დავალების მიმცემთა მოკლე ჭკუით და ბრიყვი მოსაზრებით, ეს დაშინებას ემსახურება" - სატელეფონო მუქარა და კოლექტიური ლანძღვა-გინება: ვინ დგას ამის უკან და რას გვირჩევს უსაფრთხოების ექსპერტი?

"დავალების მიმცემთა მოკლე ჭკუით და ბრიყვი მოსაზრებით, ეს დაშინებას ემსახურება" - სატელეფონო მუქარა და კოლექტიური ლანძღვა-გინება: ვინ დგას ამის უკან და რას გვირჩევს უსაფრთხოების ექსპერტი?

მეორე დღეა რაც, უცნაური სატელეფონო ნომრებით მაგინებელთა არმია რუსული კანონის მოწინააღმდეგე საქართველოს მოქალაქეებს, მათი ოჯახის წევრებს, საპროტესტო აქციის აქტივისტებსა და პოლიტიკოსებს ესხმის თავს - მათ ურეკავენ და აგინებენ, ეუბნებიან, რომ თუ აქციაზე გავლენ, ფიზიკურად გაუსწორდებიან. ადამიანებთან ზარები ერთიმეორის მიყოლებით შედის და თუ ვინმე არ პასუხობს, იცვლება ყალბი ნომრების ინდექსები (თითქოს სხვები და სხვა ქვეყნებიდან რეკავენ).

  • ოპოზიციაში დარწმუნებულნი არიან, რომ "ქართული ოცნება" ე.წ. ქოლცენტრების დახმარებით მოქმედებს და ეჭვი არ ეპარებათ, რომ ამ ხალხის მიღმა ხელისუფლება დგას, რომელიც ისტერიკაშია და ტროლ-ბოტების გამოყენებით საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშინებას ცდილობს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავის მხრივ, "ნაციონალებსა" და მათი ზიზღის კამპანიას უკავშირებს იმას, რომ მოქალაქეებს გაბრაზებული ადამიანები ურეკავენ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლება არის აფექტში, დაცლილი ინტელექტისგან, კედელთან მიყენებული და ასეთ აგონიურ ქმედებებს შფოთების საფუძველზე ახორციელებს, ცდილობს დააშინოს მოსახლეობა, მაგრამ ეს საპირისპირო შედეგს გამოიღებს - უფრო მეტად შეკრავს საზოგადოებას.

"სამწუხაროდ, ეს კინო ნანახი გვაქვს ამ ქვეყნის ისტორიაში და ეს მანკიერება მორიგ ეტაპზე, ხელისუფლების უსაქციელობის ახალ და ახალ ფერებს იძენს ხოლმე. როგორც ჩანს, ფსკერს ძირი არ აქვს - რომ გგონია ფსკერზე ხარ, თურმე კიდევ იხვრიტება და კიდევ ქვევით მივდივართ. სამწუხარო რეალობაა და გასაგებია, რომ თავისი ინიციატივით არავინ რეკავს, ეს არის დავალება, რაც ტრაგიკომიკურია. ამის მიზანი ხომ ისაა, ვინმე შეაშინო, დავალების მიმცემთა ძალიან მოკლე ჭკუით და ბრიყვი მოსაზრებით, ეს დაშინებას ემსახურება.

რეალურად, ამისი არავის ეშინია, ეს კიდევ უფრო მეტ გაღიზიანებას გამოიწვევს და ასეთი ქმედებები პირიქით, კიდევ უფრო მეტად შეკრავს საზოგადოებას. ასე რომ, ეს არის აფექტის შედეგი, ხელისუფლება არის აფექტში, დაცლილი ინტელექტისგან, კედელთან მიყენებული და შფოთების და სიზმრების საფუძველზე რაღაც აგონიურ ქმედებებს ახორციელებს, მეტი არაფერი. ახლა კიდევ პაპუაშვილმა გამოაცხადა, რაღაც რეესტრს შევქმნითო, მორიგი სისულელე წამოროშა. ეს არის ჩვეულებრივი აგონია, აგონია განწირული ხელისუფლების, სხვა რა?

ამათ ტროლების და ბოტების მთელი ინდუსტრია აქვთ შექმნილი და ისინი მარტო კლავიატურაზე ხომ არ აკაკუნებენ, ალბათ ლაპარაკიც შეუძლიათ. მათ მორალისგან და ზნეობისგან დაცლილი მთელი არმია ჰყავთ შექმნილი, ალბათ მათ ავალებენ და აკეთებინებენ ამ უმსგავსობას.

"გადატრიალების მცდელობების" კინოც ნანახი გვაქვს, მათ შორის ვითომ მზადდებოდა, მაგალითად, ჭიკაიძის "საბურავების რევოლუციაც". ამათ მჭადი გადაატრიალონ, არ დაეწვათ, ეს სჯობს ყველაფერს. მათი ეს მცდელობები არაფრის მომტანია, მათ რეალურად არ აქვთ ძალა, ეს ყველაფერი გააკეთონ. ხელისუფლებაში ძალიან არასწორი წარმოდგენის არიან როგორც საკუთარ შესაძლებლობებზე, ასევე ქართველ ხალხზე, ასე ამიტომ იქცევიან. საბოლოო ჯამში, ეს ბუმერანგივით შეუბრუნდებათ და იმაზე უფრო მძიმე ფორმით მოხვდებათ თავში, რაც აქამდე ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი“.

ანდრო გოცირიძე, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი:

"როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული მონაცემებიდან ჩანს, მუქარის ზარების ადრესატები არიან სოციალურად აქტიური მოქალაქეები, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან აღნიშნული კანონის მიღებას, გამოხატავენ პროტესტს და აკრიტიკებენ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ზარები კოორდინირებულად ხორციელდება და მიზნად ისახავს საპროტესტო მუხტის ჩახშობას, დაშინებას, ტერორის ატმოსფეროს შექმნას. ტექნოლოგიურად ასეთ ზარებს ახორციელებს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც შესაძლოა ქოლ-ცენტრებშიც იყოს გამოყენებული.

სხვადასხვა ტელეფონის ნომრები გამოიყენება მსხვერპლის დასაბნევად, კვალის დასაფარად, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება ამგვარ მოქმედებებს, კვალის არევაც დიდად არაა საჭირო. ზარების წარმომავლობის დადგენა სპეცსამსახურისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, სამწუხაროდ, დღემდე განცხადებაც კი არ გაკეთებულა ამ კოლექტიურ ლანძღვა-გინებაზე, ამიტომაც საფუძვლიანია ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან ხელისუფლება დგას. სატელეფონო ზარით ჩვენი ტელეფონის დავირუსება და ინფორმაციის მოპარვა შეუძლებელია, თუმცა ასეთ დროს, შესაძლოა ჩვენვე გავცეთ ინფორმაცია, თუკი შეკითხვებს ვუპასუხებთ. ამასთანავე, შესაძლოა ჩვენი ხმა თავდამსხმელმა ჩაიწეროს და შემდგომი ფაბრიკაციისთვის გამოიყენოს. უმჯობესია, თუ ამგვარ ზარებს არ ვუპასუხებთ და პოლემიკაში არ შევალთ, არამედ, მარტივად დავბლოკავთ“.