ევროპარლამენტმა საქართველოს მიმართ დიპლომატიური ტონალობა გაამკაცრა - 30-ზე მეტმა პარლამენტარმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია:
"საქართველოს ხელისუფლების მუდმივმა არადემოკრატიულმა ქცევამ, განსაკუთრებით მათმა აგრესიულობამ უცხო აგენტების შესახებ "რუსული სტილის“ კანონის გატანის, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმებისა და ძალის გამოყენების კუთხით, ზღვარი გადალახა. ამგვარმა ქცევამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება იმ ცხრა ნაბიჯს, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ვალდებულება აიღო, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის სტატუსი მიენიჭა და ევროკავშირის მიერ ამის უგულებელყოფა აღარ შეიძლება“.
ევროპარლამენტარები ჯოზეფ ბორელს მოუწოდებენ, გამოიჩინოს მტკიცე პოზიცია და მიიღოს ზომები, რაც მკაფიო სიგნალს გაუგზავნის საქართველოს ხელისუფლებას.
"პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და წამყვანი პარტიის "ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს, ამიტომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეჩერდეს გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე. მეორე, უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.
მესამე, 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციაში მოცემული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესთან დაკავშირებით შუალედური შეფასება უნდა მოხდეს შემდგომი შეფერხების გარეშე. ეს ზომა შეტანილია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში "საქართველოში "უცხოური აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”, - აღნიშნულია წერილში.
"ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანას მიადგება ძალიან დიდი ზარალი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ ფინანსურ დახმარებასთან ერთად დავკარგავთ პოლიტიკურ მხარდაჭერასაც, რის გამოც 33 წლის განმავლობაში რუსეთმა ჩვენი ქვეყანა ვერ გადაყლაპა" - გვეუბნება პოლიტოლოგი თენგიზ ფხალაძე ევროპარლამენტარების მძიმე წერილის შეფასებისას.
"ჩვენ ვართ სერიოზული პრობლემის წინაშე, ღრმა კრიზისში, რომლის მსგავსიც არ მახსენდება, ასე ვყოფილიყავით დაპირისპირებული ჩვენს მეზობლებთან, ჩვენს პარტნიორებთან, იქნება ეს ევროკავშირი, თუ აშშ. სრულიად უსარგებლო პოლემიკაში შევედით ჩვენს პარტნიორებთან, ვადანაშაულებთ რა მათ შეთქმულების თეორიებში და რაღაც არეულობების მცდელობებში, ამავდროულად, გვავიწყდება საქართველოს ეროვნული ინტერესები. ჩვენი პარტნიორები გვაფრთხილებენ, რომ არ გადავდგათ ის ნაბიჯი, რაც დააზიანებს ქართულ სახელმწიფოებრიობას, მხედველობაში მაქვს ის კანონპროექტი, რომელიც ვითომდა გამჭვირვალობის სახით შემოიტანა ხელისუფლებამ და რეალობაში სხვა არაფერია, თუ არა მოსახლეობის დიდი ნაწილის შეურაცხყოფა, სტიგმატიზაცია და უცხო ქვეყნის ინტერესების მსახურის იარლიყის მიკერება. ეს არის მოცემულობა და იმდენად გავაფუჭეთ საქმე ჩვენს პარტნიორებთან, რომ დღეს ვდგავართ იმ საშიშროების წინაშე, რომ თაობების მონაპოვარი, რაც ძალიან დიდი შრომის, სისხლის ფასად დაგვიჯდა, ყველაფერი დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ, რაც თავისთავად დააზიანებს ქართულ სახელმწიფოს. საქმე იმაშია, ჩვენ უკვე დავზარალდით. დღევანდელ დღეს იმის ნაცვლად, რომ ვლაპარაკობდეთ მოლაპარაკებების გახსნაზე, ვლაპარაკობთ სულ სხვა რამეზე.
ასეთი მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე ჩვენ ვხდებით ძალიან ადვილად მოსაპოვებელი... ეს არის რუსეთის ამოცანა - დაგვაცილოს იმ სივრცეს, სადაც შესვლა დღევანდელ დღეს ძალიან რეალურია. დღეს ეს კარი მართლა ღიაა და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ხელშია, გადავდგამთ ნაბიჯს წინ, ევროპული მომავლისკენ როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, ან ვდგამთ ნაბიჯს უკან, სადაც არის პერსპექტივა ვიყოთ რუსეთის გუბერნია, მეტი არაფერი. ამას ბევრი რამ შეიძლება მოჰყვეს. ამ შემთხვევაში მე ნაკლებად მაწუხებს პერსონალური სანქციები, მე მაწუხებს სანქციები ქვეყნის მიმართ, რაც არაა გამორიცხული. ძალიან შორს შეგვიძლია წავიდეთ შეთქმულების თეორიებში, მაგრამ იმდენად აბსურდში გადადის ეს ყველაფერი...
დასავლეთი საქართველოში დებს უზარმაზარ ინვესტიციებს, გნებავთ, ფინანსურს, გნებავთ - პოლიტიკურს, ყველაფერს, რაც დღევანდელ დღეს გვაქვს, გვაქვს დასავლეთის მხარდაჭერით. ელემენტარულად, ყველა ის პროექტი, რითაც თავს იწონებს ჩვენი ხელისუფლება, იქნება ეს აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანი, ენერგო დერეფანი, ჯანდაცვა, განათლება და ყველაფერი, არც ერთი სფერო არ არის დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, აბსოლუტურად ყველაფერი მათი გაკეთებულია და რა გამოდის, დასავლეთი ფულს დებს იმაში, რისი დესტაბილიზაციაც უნდა? წარმოიდგინეთ, რამხელა აბსურდია, ამიტომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. როდესაც ვლაპარაკობთ, როგორ დაგვაზიანებს ეს კანონი, ყველაზე მთავარი არის კიდევ რა დაგვაზიანებს. დაგვაზიანებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიეწერა სიტყვის გამტეხის იარლიყი, ვინაიდან მან დადო პირობა, რომ ის აღარასდროს დაუბრუნდებოდა ამ კანონპროექტს და ის დაუბრუნდა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ევროინტეგრაციაზე, როგორ შეიძლება ეჭვი არ გაგიჩნდეს იმ პარტნიორის მიმართ, რომელმაც შეთანხმება დაარღვია და პირობა გატეხა? ამიტომ ჩვენი პარტნიორები ყოველთვის სკეპტიკურად შეხედავენ იმ ვალდებულებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აიღებს, ისინი აღარ დაიჯერებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლა შეასრულებს ამ ყველაფერს.
ნდობის დაკარგვა ყველაზე ძნელია, აქედან გამომდინარე მოდის ყველაფერი დანარჩენი. ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ იმიტომ, რომ აქამდე სიტყვა არ გაგვიტეხავს და ყოველთვის ჩვენი ვალდებულებების ერთგულნი ვიყავით. სიტყვის გატეხა არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება მოხდეს და აქედან გამომდინარე, ყველა ეჭვით შემოგვხედავს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - საქართველოს სხვა მომავალი არ აქვს და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ის, რომ დაპირისპირებაში შევიდეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს რაც შეიძლება მალე.
ამ შემთხვევაში, ალბათ, საზოგადოების როლი უფრო მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ოპოზიცია ცოტა უფრო ძლიერი რომ ყოფილიყო, ალბათ „ქართული ოცნება“ ამას ვერ გაბედავდა, ამიტომ აქ ისევ და ისევ ქართული საზოგადოებაა ძალიან მნიშვნელოვანი. არანაირი რაციონალური ახსნა არ აქვს იმას, რატომ დაიჟინეს ეს კანონპროექტი. ძალიან ბევრი შეიძლება ვიმარჩიელოთ, რატომ აკეთებენ ამას, მაგრამ ამაზე მთავარია ის, თუ რა გველის წინ. რა მიზეზიც არ უნდა ჰქონდეთ და რა არგუმენტიც უნდა მოიტანოს ხელისუფლებამ, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ეს ნაბიჯი აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს, ის არ უნდა განხორციელდეს“.
წაიკითხეთ ასევე: