ავტორი:

საგანგაშო მაჩვენებელი - 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან?!

საგანგაშო მაჩვენებელი - 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან?!

საქართველოში შობადობის მაჩვენებელი კლებულობს და მას გარდაცვალების მაჩვენებელი აჭარბებს

"ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თუალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშვიათ შავგურემან და მოყვითან... მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მეძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისა სახელთათვის არა რიდებენ ქუეყანასა და მეფესა თვისსა", - ამგვარი ეპითეტებით ახასიათებს ქართველებს ვახუშტი ბატონიშვილი და რა საწყენია უცხოელი დემოგრაფების დასკვნა, რომ ქართული ეთნოსი ძალიან სწრაფად მცირდება. გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის ქართველები თავიანთ სამშობლოში ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდებიან.

გვესაუბრება თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, დემოგრაფი ანზორ სახვაძე:

- ჩვენი დემოგრაფიული მდგომარეობა დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. დიდი ძალისხმევა გვმართებს, რომ საკუთარ ქვეყანაში უმცირესობაში არ აღმოვჩნდეთ, მაგრამ ერთი რამ უნდა ვთქვა: გაეროს წარმომადგენლები ამგვარ პროგნოზებს 10 წელიწადში ერთხელ მაინც აკეთებენ, მაგრამ მათი პროგნოზი ყოველთვის არ მართლდება. ჩვენ ეს დასკვნა სერიოზულ გაფრთხილებად უნდა მივიღოთ: თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად არაფერს ვიღონებთ, შესაძლებელია სავალალო მდგომარეობამდე მივიდეთ.

- იყო დრო, როცა ნახევარი მილიონიც არ ვიყავით...

- გეთანხმებით - XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 400-600 ათასადმე კაცი ცხოვრობდა - ასეთია მეცნიერთა ვარაუდი. უფრო ზუსტი მონაცემები ხელთ არა გვაქვს. საყოველთაო აღწერა საქართველოში 1897 წლამდე არ ჩატარებულა და ამ აღწერის მიხედვით, მე-19 საუკუნის მიწურულს საქართველოში 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. რამ განაპირობა მატება? - შედარებით მშვიდობიანმა წლებმა. როგორც წესი, მოსახლეობის რაოდენობა ომებისა და ეპიდემიების შედეგად მცირდება და როცა ეს საფრთხე გადაივლის, ისევ მატულობს. არ შემიძლია არ ვახსენო ალექსანდრე ჭავჭავაძის წერილი რუსეთის იმპერატორისადმი, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისშია დაწერილი. ამ წერილში ჩვენი სასიქადულო პოეტი წერს, მე-5 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა 16 მილიონს აღწევდაო. მართალია, არგუმენტები არ მოჰყავს, არც წყარო აქვს მითითებული, მაგრამ ასეთი ცნობა არსებობს. ამ წერილსაც ადვილად იპოვით "ქართული პროზის" ტომეულებში.

- ბატონო ანზორ, ალბათ, უფრო სარწმუნო, არგუმენტირებული ინფორმაციაც გექნებათ ძველი საქართველოს დემოგრაფიულ სურათზე.

- ივანე ჯავახიშვილის გათვლებით, მე-13 საუკუნეში საქართველოს მოსახლეობა საშუალოდ, 4,5-5 მილიონი იყო. მან ეს ციფრი ისტორიული დოკუმენტების მიხედვით დაადგინა, კერძოდ, იმ დროში ყოველ მეცხრე ოჯახს ბრძოლაში ერთი მეომარი გამოჰყავდა, ქართული ჯარის რაოდენობა კი 90 ათას კაცს შეადგენდა. ივანე ჯავახიშვილმა, ხუთსულიანი ოჯახების მიხედვით იანგარიშა და ასე მიიღო 4,5-5 მილიონი. თუმცა ამაში არ შედიოდა მდიდართა კლასი - დიდგვაროვნები და სამღვდელოება, რომლებიც გადასახადებს არ იხდიდნენ და ჯარშიც არ მიდიოდნენ, ასევე, ქვრივ-ობლები. თუ მათაც დავუმატებთ, იმდროინდელი მოსახლეობა, სავარაუდოდ, 8 მილიონი კაცი იქნებოდა. ამაზე უფრო ზუსტი წყარო ძველი საქართველოს დემოგრაფიაზე მე არ შემხვედრია, თუმცა ზოგი ვარაუდობს, რომ თამარის დროს საქართველოში 12 მილიონი კაცი ცხოვრობდა.

- რა მდგომარეობა გვაქვს ახლა?

- ყველაზე ცუდი ის არის, რომ შობადობა ბოლო ათწლეულებში ძალიან შემცირდა, რამაც საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას დაღი დაასვა. 1990-იანი წლებიდან საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა თანდათან მცირდებოდა, რაც გამოწვეული იყო მძიმე ეკონომიკური და სოციალური კატაკლიზმებით. იმხანად ბავშვების გაჩენაზე არავინ ფიქრობდა. ამიტომ, თუ 1989 წლის აღწერით საქართველოში 5 მილიონ 400 ათასი კაცი ცხოვრობდა, ათ წელიწადში ეს რიცხვი 1 მილიონით შემცირდა, ხოლო ახლანდელი, 2024 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 3 მილიონ 694 600 კაცი ცხოვრობს. 1980-იანი წლების ბოლოს საქართველოში საშუალოდ 90-91 ათასი ბავშვი იბადებოდა, რომლებიც 25-27 წლის შემდეგ თვითონ შევიდნენ რეპროდუქციულ ასაკში. 2000-იან წლებში ეს რიცხვი ლამის განახევრდა: წელიწადში დაახლოებით 46 ათასი ბავშვი იბადებოდა - ამან გამოიწვია ის, რომ რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალთა რაოდენობა ორჯერ შემცირდა, რის გამოც ამ წლებში უფრო ცოტა ბავშვი გაჩნდება, რადგან სწორედ ეს, ორჯერ შემცირებული თაობა შედის რეპროდუქციულ ასაკში. ამიტომ შობადობის მაჩვენებლის ზრდას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ. სამწუხაროდ, საქართველოში შობადობის მაჩვენებელი კლებულობს და მას გარდაცვალების მაჩვენებელი აჭარბებს.

- შეიძლება ითქვას, ქართველი ერი მილევად რეჟიმშია?

- შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ სხვადასხვა ღონისძიებით შეიძლება ამ კრიზისული სიტუაციიდან გამოსვლა: სწორი დემოგრაფიული პოლიტიკა და დემოგრაფიული განვითარების მიზანი უნდა გვქონდეს. განაგრძეთ კითხვა