"ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი შოთა ხაბარელი ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს ქვეყანაში შექმნილი მოვლენების გამო გაკეთებული განცხადებებისთვის აკრიტიკებს.
ხაბარელი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
"ბუდუ, შვილო, როგორც ფეხბურთელს, მაგალითად, კახა კალაძეს ცოტა მეტი უთამაშია, შედეგებისთვის მიუღწევია, მერე ამ ქვეყნის გათავისუფლებისთვის უბრძოლია სისხლიანი ჯალათებისგან და სამწუხაროდ, ახლაც ამ ბრძოლის გაგრძელება უწევს. გაცილებით მეტი, მით უმეტეს, პოლიტიკაშიც უნახავს და ზუსტად ვიცით ყველამ, რომ საკუთარი ქვეყნის არც გარუსებას დაუჭერს როდისმე მხარს და არც რომელიმე ქვეყნის ვასალობას. მეც რაღაც გამიკეთებია ქართული სპორტისთვის, საქმისთვის, პოლიტიკისთვის, მაგრამ ამაზე არ გავაგრძელებ, უხერხულია საკუთარ თავზე საუბარი…
ამიტომ, მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და მიმდინარე მოვლენებში. პირველ რიგში შენს წინამორბედ ვაჟკაც და პატრიოტ ხალხს, კალაძეს, კობიაშვილს, ყაველაშვილს და ნურც სხვებს გვკადრებ ისეთ რამეს, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით და ლოზუნგებზე ნუ წამოეგები.
ან კანონი წაიკითხე და გვითხარი, რა არ მოგწონს იქ, ან ისეთ არხებს უყურე, სადაც ნახავ, როგორ ესხმიან თავს პოლიციელებს, დედას აგინებენ, სახეში აფურთხებენ, ქვებს და აგურებს ესვრიან თავში და ცალმხრივად აღარ ილაპარაკებ. ევროპას რაც შეეხება, მაგისთვის ყველაფერი კეთდება და თუკი რამე ნაბიჯი გადაიდგა ევროპისკენ, ჩვენმა გუნდმა გადადგა ყველა და არა ამ აქციების ორგანიზატორებმა, ოღონდ ისე კი არა, მონებად რომ შევიდეთ, წევრებად რომ მიგვიღონ, ამას ვცდილობთ და იქნებ გაარჩიო ეს ყველაფერი ერთმანეთისგან.
არ მგონია შენ გინდოდეს ლომჯარიას დეკლარაციისთვის ეროვნულ და ამავდროულად ევროპულ არჩევანს საფრთხე დაემუქროს. ამიტომ, სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს კითხე ბოლო-ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა…" - წერს ხაბარელი.
"ძალიან სამწუხაროა, რომ სპორტსმენს კონკრეტულად კი ფეხბურთელს უკვე მეორედ მიწევს დავაფიქსირო აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არ მიწევს ფეხბურთზე ფიქრი და ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადება რომ ჩემი ქვეყანა ვასახელო დიდ საფეხბურთო ფორუმზე, მაგრამ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე თავს ვალდებულად ვთვლი, რომ კვლავ გავიმეორო:
არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს.
საქართველოს გზა ევროპაშია. ვდგავარ იმ ახალგაზრდების გვერდით, ვინც თავიანთ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებენ საქართველოს მომავლისთვის.
ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა.
პ.ს მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს, როგორც 26 მარტის ღამეს იყო.
მე ვარ საქართველო", - წერს ბუდუ ზივზივაძე.
წაიკითხეთ ასევე: