ავტორი:

"მონებო!"- ე.წ. აგენტების კანონის მხარდამჭერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობა სპეცრაზმის დახმარებით დატოვეს

"მონებო!"- ე.წ. აგენტების კანონის მხარდამჭერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობა სპეცრაზმის დახმარებით დატოვეს

83 მომხრე, 23 წინააღმდეგი - პარლამენტმა ე.წ აგენტების კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. რუსული კანონის მომხრე დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ელვის სისწრაფით ერთი მეორეს მიყოლებით დატოვეს. მათ გზა სპეცდანიშნულების რაზმმა გაუთავისუფლა, რომ პროტესტანტების შეძახილს - "მონებო" მათთვის დისკომფორტი არ შეექმნათ.

ამის თაობაზე ინფორმაცია შსს-მაც გაავრცელა.

"პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მოვლენების ხელოვნურად ესკალაციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების, საკანონმდებლო ორგანოს შენობიდან უსაფრთხოდ გამოსვლა.

ამ დროისთვის, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი, პროტესტი გამოხატონ მშვიდ ვითარებაში და არ განახორციელონ ძალადობრივი ქმედებები.

კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ყველა მონაწილეს, რომ დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოების შესასვლელების ბლოკირება და ასევე, საავტომობილო გზების პარალიზება.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, - ნათქვამია განცხადებაში.