ავტორი:

კახა კალაძე პოლიციელებს მადლობას უხდის - "ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე არის დაცული"

კახა კალაძე პოლიციელებს მადლობას უხდის - "ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე არის დაცული"

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც 30 აპრილსა და 1-ელ მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

  • მისივე თქმით, გუშინ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე.

„იცით, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზე არის დაცული. ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, ან პოლიტიკური შეხედულება, შესაძლებლობა, რომ გამოხატოს მოსაზრება ყველანაირი ფორმით, ეს რა თქმა უნდა, უნდა იყოს კანონის ფარგლებში.

გუშინ ყველამ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, მოწოდებები კეთდებოდა პირდაპირ აღნიშნულთან დაკავშირებით, აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები, ქვების, ბოთლების სროლა და ასე შემდეგ. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. არაერთი მოწოდების და განცხადების მიუხედავად, მას შემდეგ რაც აქცია მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გაცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს.

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ბევრი ადამიანი იყო, ვინც აპროტესტებდა მშვიდობიანი ფორმით, ეს მისაღებია, არავის აქვს ამის შეზღუდვის უფლება. 2012 წელს წარსულს ჩავაბარეთ ის მიდგომები, რაც განსხვავებული აზრის მიმართ იყო. ყველას უნდა შეგვეძლოს განსხვავებული აზრის მიღება. არ უნდა წარმოადგენდეს უდიდეს პრობლემას. როგორც კი იქნება გადაცდენა, სახელმწიფო იმოქმედებს რეაგირებას მოახდენს კანონის ფარგლებში“,- აღნიშნა კალაძემ.