ავტორი:

უკიდურესად რთული ვითარება რუსთაველზე: სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს და რეზინის ტყვიებს - რა ხდება ადგილზე?

უკიდურესად რთული ვითარება რუსთაველზე: სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს და რეზინის ტყვიებს - რა ხდება ადგილზე?

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს.

საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის პირველი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართა, მათ შორის აქციაზე ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

მანამდე პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ამასთან, სავარაუდოდ, მოხდა რეზინის ტყვიების გამოყენებაც. არიან დაშავებულები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადები პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.

რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.

გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: