ავტორი:

აქციის დაშლა დაიწყო - სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს: რა ვითარებაა ადგილზე?

აქციის დაშლა დაიწყო - სპეცრაზმი იყენებს წყლის ჭავლს: რა ვითარებაა ადგილზე?

პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს. მანამდე ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეები გააფრთხილეს დაშლის შესახებ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებულ იქნებოდა სპეციალური საშუალებები.

  • მანამდე პოლიციამ პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ამასთან, სავარაუდოდ, მოხდა რეზინის ტყვიების გამოყენებაც. არიან დაშავებულები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადები პირველად დახმარებას ადგილზე უწევენ.

ამავე დროს, პოლიციის თანამშრომლები დემონსტრანტებს აკავებდნენ, რა დროსაც აქციის სხვა მონაწილეები მათ წინააღმდეგობას უწევენ და ბოთლებს ესროდნენ. "არ შეშინდეთ. დღეს ბოლომდე ვიბრძვით", - თავის მხრივ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, მანამდე პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა. ტერიტორიაზე დაპირისპირება გრძელდება, ვითარება კვლავ არასტაბილურია. აქციაზე რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. მათ პირველად სამედიცინო დახმარებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები უწევენ. ადგილზე სასწრფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.

რა განცხადებას ავრცელებს შსს?

"რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი.მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, ისინი არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს.

გამომდინარე იქიდან რომ აქცია სრულად გასცდა კანონით დადგენილი შეკრება მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს.

სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას.“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ ვიდეოკადრები ადგილიდან