"ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა კვლავ იმის თქმა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ძლიერ სასამართლო სისტემას პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს და სამართლებრივი დევნა განახორციელოს ორგანიზებული დანაშაულის, ანტიკორუფციული სქემების და ა.შ." - ამის შესახებ ევროკომისარმა ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ვერა იუროვამ ბრიუსელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
"ვფიქრობ, ჩემი მხრიდან მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა კვლავ იმის თქმა, რომ ევროკომისია დაჟინებით მოითხოვს ძლიერ სასამართლო სისტემას პროკურატურის სისტემას, რომელსაც შეუძლია გამოიძიოს და სამართლებრივი დევნა განახორციელოს ორგანიზებული დანაშაულის, ანტიკორუფციული სქემების და ა.შ. ვფიქრობ, არ გაჰკვირვებია ჩემგან კიდევ ერთხელ გამეორება, რომ ეს არის მთავარი რამ, რაზედაც ფოკუსირებული ვართ. ჩვენ ასევე განვიხილეთ არასამთავრობოების გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული საკითხები და ლგბტქ პირთა მდგომარეობა და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება. ჩემი მოვალეობაა, ასეთ სიტუაციებში მინისტრებს ვუთხრა, რომ ასეთი რაღაცების გაკეთება შეიძლება ევროკავშირის პრინციპებიდან გადახვევა იყოს. საქართველომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უმცირესობების დაცვას, როგორიც არის ლგბტქ ადამიანები და არ გაუღოს კარი დისკრიმინაციას ან უხეშ რიტორიკას ამ ადამიანების წინააღმდეგ“, - განაცხადა ევროკომისარმა.
მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ურჩია, გადახედოს ევროკავშირის დირექტივას.
"მე ვურჩიე მინისტრს, გადახედოს ჩვენს დემოკრატიის დაცვის დირექტივას, რომელიც ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდას, მაგრამ მჯერა, რომ ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ჩვენი დირექტივის მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ რა კანონს იღებს ვისი ფულისთვის. განსხვავება ევროპულ და ქართულ კანონმდებლობას შორის არის ის, რომ ჩვენ არ განვსაზღვრავთ სუბიექტებს, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები. საუბარია ევროპის ერთიან ბაზარზე მოქმედ სუბიექტებზე და ჩვენ გვინდა ვიცოდეთ კონტრაქტები მესამე ქვეყნის მთავრობებთან და არა უბრალოდ გარედან შემოსული ფული. ეს არის დიდი განსხვავება“, - განაცხადა იუროვამ.
შეგახსენებთ, ბრიუსელში ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალური სხდომა იმართება, რომელშიც ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.