პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო. დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ.
ოპოზიციონერ დეპუტატებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის გადადების ინიციატივის გაჟღერება სურდათ, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ „პროცედურასთან დაკავშირებით კითხვა არ არის“ და შესაბამისად, კანონპროექტის მუხლობრივ განხილვაზე გადავიდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ნოდარ ტურძელაძეს მოუწოდა, რომ „წესიერად ილაპარაკოს“.
"წესიერად ილაპარაკე. ჩემი მეგობარი ხარ, თუ როგორ მელაპარაკები“, - მიმართა ხერხეულიძემ ტურძელაძეს.
სხდომის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა და გაფრთხილება მისცა „ნაციონალური მოძრაობის’ წევრს, ეკა ხერხეულიძეს, რის შემდეგაც მათ შორის კამათი გაიმართა. საბოლოოდ, ოხანაშვილმა ხერხეულიძეს "უზრდელი" უწოდა.
„თავი შეიკავეთ და იცოდეთ სად ხართ. წესიერად მოიქეცით, დამშვიდდით. უზრდელი ხართ და რა გელაპარაკოთ. თავი შეიკავეთ. შეურაცხყოფის მიყენებას თავი დაანებეთ აქ. მორალური უფლება არ გაქვთ, ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენოთ. დამშვიდდით. შეურაცხყოფის მიყენებას თავი დაანებეთ, გაფრთხილებთ რეგლამენტის შესაბამისად. მესმის, რომ პროვოკაციისთვის ხართ მოსული, მაგრამ გავაგრძელოთ განხილვა“, - მიმართა ოხანაშვილმა ხერხეულიძეს.
"უზრდელი თქვენ ხართ“, - მიმართა ხერხეულიძემ ანრი ოხანაშვილს.
ხერხეულიძის გარდა, ოხანაშვილმა გაფრთხილება მისცა სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებს, მათ შორის ლევან ხაბეიშვილს და ხატია დეკანოიძეს.
"ბატონო გიორგი, დატოვეთ სხდომათა დარბაზი! არა ერთგზის მოგიწოდეთ, რომ მიკროფონის გარეშე არ გესაუბრათ. გაგაფრთხილეთ რამდენჯერმე, გთხოვთ, გაბრძანდით! გთხოვთ, დატოვეთ სხდომათა დარბაზი!“ - მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარეს უპასუხა: „ჩუმად ვიჯდები“.
"არა, არა პროცედურას ნუ არღვევთ-მეთქი არაერთგზის გთხოვეთ. ყველაფერს აქვს თავისი წესი. დატოვეთ დარბაზი!“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით 17 აპრილს - 83 ხმით მიიღო.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაიაც გააძევა.
თავდაპირველად, ოხანაშვილმა კორძაიას კითხვის დასმის დროს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ „სიტყვა ჩამორთმეულია“, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია."არ გრცხვენია მართლა? არ გრცხვენია, კაცო? კითხვა დამასმევინე!“ - მიმართა კორძაიამ ოხანაშვილს, რის შემდეგაც თავმჯდომარემ ოპოზიციონერი კოლეგა დარბაზიდან გააძევა
განახლება 13:00
ამ დროისთვის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მიერ კომიტეტის სხდომიდან შვიდი დეპუტატია გაძევებული. ესენი არიან - თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ხატია დეკანოიძე, ანა წითლიძე და ლევან ბეჟაშვილი.
წაიკითხეთ ასევე: