უცნობი ნომრიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ უსაფრთხოდ არის და თქვეს განერიდეთ ტერიტორიასო, - ამის შესახებ ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის მეუღლემ, ტელეწამყვანმა, ეკა მიშველაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველების მიერ ალექსი პეტრიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მიშველაძის თქმით, პოლიციელისგან გაიგო, რომ მისი მეუღლე დიღომში არის გადაყვანილი და ელოდება მასთან ადვოკატების და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას.
„უცნობი ნომრიდან დამირეკეს და მითხრეს რომ უსაფრთხოდ არის და თქვეს განერიდეთ ტერიტორიასო. მაშინვე მივხვდი, რომ პოლიციელი იყო და ამის შემდეგ დავუკავშირდი სახალხო დამცველს. რამდენიმე წუთის წინ დამირეკა თავად პოლიციამ და მითხრეს, რომ დიღომში ჰყავთ გადაყვანილი. ამ ეტაპზე დანარჩენი არ ვიცი. ველოდები ადვოკატების და სახალხო დამცველის წარმომადგენლის შესვლას. გავიგებთ როგორია მისი მდგომარეობა.
ეს არის უკანონო დაკავება და საერთოდ ყველაფერი რასაც პოლიცია აკეთებდა, ეს არის უკანონობა, ღალატი მონობა და ყველანი ესენია არიან რუსი პოლიციელები. დროშიან ახალგაზრდებს უნდოდათ სცენაზე დროშის 2-ჯერ გაქნევა და ამაზე ამხელა ამბავი რა საჭირო იყო, ვერ ვხვდები.
ეს ყველაფერი გამიზნულია ადამიანების დაშინების , დაშანტაჟების მიზნით. ვერავინ შეგვაშინებს, ვერც დაჭერით, ვერც ვერაფრით“,- განაცხადა მიშველაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, დღეს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ქართული ოცნების" ყოფილი ევროინტეგრაციის მინისტრი, დიპლომატი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი დააკავეს
ალექსი პეტრიაშვილი შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს".