ავტორი:

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა: აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირებაა - რუსთაველზე სპეცრაზმი გამოჩნდა

პარლამენტთან ვითარება დაიძაბა: აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირებაა - რუსთაველზე სპეცრაზმი გამოჩნდა

საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის კვლავ დაპირისპირებაა.

პროტესტის მონაწილეები ცდილობენ, მიუახლოვდნენ სცენას, რომელიც ტერიტორიაზე არის განთავსებული. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირის წართმევის მცდელობა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

"გაუშვი ხელი, წადი აფხაზეთი დაიცავი“ - მიმართავს აქციის მონაწილე ერთ-ერთი სამართალდამცავს.

დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის რამდენიმე წუთის წინაც იყო, რაც მონაწილეებისგან პარლამენტის შენობასთან შემოღობილ სცენაზე ასვლის მოთხოვნას მოჰყვა. კერძოდ, აქციაზე ითხოვდნენ, რომ სცენაზე ათი გამომსვლელი დროშებით ასულიყვნენ.

საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მისი გაშვება მას შემდეგ მოხდა, რაც სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ვითარება დაიძაბა. ამის შემდეგ კი რუსთაველზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელთაც პარლამენტის მიმდებარე ასასვლელები გადაკეტეს, პარლამენტთან გამოიყვანეს სპეციალური ტექნიკაც.

  • განახლება 00:21

საქართველოს პარლამენტთან რკინის დამატებითი ჯებირები მიიტანეს. ჯებირები უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ, იმ პერიმეტრზე დაამატეს, სადაც "ქართული ოცნების" ორგანიზებით ხვალ დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით სცენაა დამონტაჟებული.

აღსანიშნავია, რომ რკინის ჯებირების გარდა, დაამატეს ცოცხალი ძალაც - ადგილზე სამართალდამცავები, მათ შორის სპეცრაზმი რამდენიმე რიგადაა განლაგებული.

პარლამენტთან მომიტინგეები ამ დრომდე რჩებიან. მათ წინააღმდეგ შსს-მ ე.წ. წიწაკის სპრეი რამდენჯერმე გამოიყენა.

იხილეთ ასევე: