საქართველოს პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მცირე დაპირისპირება იყო.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის ორგანიზატორებმა ითხოვეს, რამდენიმე დროშიანი მომიტინგე საქართველოს პარლამენტთან დამონტაჟებულ სცენაზე აუშვან.
ამ მომენტში აქციის მონაწილეებსა და შსს-ს თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს. პოლიციელები აქციის მონაწილეებს სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევენ.
“ჩვენ მოწესრიგებულად, ორგანიზებულად მოვდივართ, რამდენიმე ათეული ახალგაზრდა საქართველოს დროშებით და დევიზით - „კი ევროპას“ სცენაზე. ეს არის ჩვენი ხალხის მოთხოვნა", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.
“შეგვიშვით”, “შეგვიშვით” სკანდირებენ აქციის მონაწილეები.
როგორც აქციაზე გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ისინი სამართალდამცველებს 5 წუთს აძლევენ იმისთვის, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან შეათანხმონ.
„ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი. გვინდა 10 ახალგაზრდა ავიდეს დროშით, რომ საქართველოს უნდა ევროპა, საქართველო არის ევროპა და ეს დროშა საპირისპირო მხრიდან გადმოკიდონ, სულ ესაა ჩვენი მოთხოვნა. ამიტომ, მივცეთ 5 წუთი ყველანაირი ჩოჩქოლის, დაპირისპირების გარეშე. დაუკავშირდით უფროსობას. ყველანაირი ესკალაცია მორჩება, არანაირი პრობლემა აღარ იქნება. 10 ახალგაზრდა გვინდა, რომ ავიდეს სცენაზე დროშებით“, - განაცხადა ქადაგიძემ.
ინფორმაციისთვის, პარლამენტთან სცენა "ქართული ოცნების" ორგანიზებით, 29 აპრილს დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით არის დამონტაჟებული.
იხილეთ ასევე: