m2, ქართულ ბრენდებთან კოლაბორაციით, ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ქართული ბრენდები m2-ის სლოგანის - “იცხოვრე შენი ცხოვრებით” შთაგონებით, სპეციალურ კოლექციას შექმნიან და მისი შეძენა ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. კოლექცია ისეთ ნივთებს თუ აქსესუარებს გააერთიანებს, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, მათ შორის: მაისურები, ლეპტოპის ჩანთები, მობილურის ჩასადებები, სამგზავრო ჩანთები, საპასპორტეები, კიმონოები და სხვა.
ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული: ჯოვანი მორა, კარპეტერია, ქეისი, ფუნდუკი, ლავსთარსი, ნინეა და მეთერსი. მათი ნაწილი კოლექციაზე მუშაობს, ნაწილმა კი, მუშაობა უკვე დაასრულა.
სპეციალურად პროექტისთვის შეიქმნება ვებ-გვერდი, სადაც კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი კოლექცია ერთ სივრცეში განთავსდება. ნივთების შეძენა კი, პარტნიორი კომპანიების ვებ-გვერდებზე ან მაღაზიებში იქნება შესაძლებელი.
პროდუქციის საჩვენებელი ვერსიები m2-ის გაყიდვების ოფისებშიც იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებელს მათი ადგილზე დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.
„კოლაბორაციის იდეა ბრენდის ახალი პლატფორმის შემოტანისთანავე გაჩნდა და შარშან, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს კვირეულზე განხორციელდა. ახალი მოწოდება - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ დიზაინერ თაკო მექვაბიძის კოლექციაში ეფექტურად ინტეგრირდა. მიზანი, მოწოდების ადამიანებთან უფრო ახლოს მიტანა იყო მაშინაც და დღესაც. ჩვენი პარტნიორების პროდუქცია ყოველდღიურ გამოყენებაშია და ჩვენც, ყოველდღე გვინდა შევახსენოთ ადამიანებს -„იცხოვრე შენი ცხოვრებით“, ისე, როგორც არავის უცხოვრია. ყოველთვის იყავი ის, ვინც შენ ხარ, უნიკალური და განსხვავებული“, - ირინა დუმბაძე, m2-ის ბრენდის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
პროექტში ეტაპობრივად კიდევ ჩაერთვება სხვადასხვა ქართული ბრენდი და „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ თემატიკაზე შექმნილი კოლექცია კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება.
R