უკრაინამ აშშ-ის მიერ ფარულად მიწოდებული შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების რუსული ძალების შეჭრის წინააღმდეგ გამოყენება დაიწყო, - ინფორმაციას მედიასაშუალებები ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, იარაღი 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მარტში დაამტკიცა და ის ქვეყანაში აპრილში ჩავიდა.
ამერიკული მედია იუწყება, რომ ეს იარაღი სულ მცირე ერთხელ გამოიყენეს ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ობიექტებზე დასარტყმელად.
"შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ი მიაწოდა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ვედანტ პატელმა. მისი განმარტებით, შეერთებულმა შტატებმა ეს დასაწყისშივე არ გამოაცხადა, რათა უკრაინის ოპერატიული უსაფრთხოება შენარჩუნებულიყო.
სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები პირველად გასულ კვირას, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის აეროდრომზე დასარტყმელად გამოიყენეს. New York Times-ის ცნობით კი ახალი რაკეტები ასევე გამოიყენეს სამშაბათს ღამით, ოკუპირებულ საპორტო ქალაქ ბერდიანსკში რუსეთის ჯარებზე თავდასხმისთვის.
"ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს კიევში უკიდურესად სახიფათო იარაღის გაგზავნის ფაქტი, ეს ფარული ქმედება არ შეიძლება გამართლდეს. აშკარაა, რომ ATACMS-ის ზელენსკის რეჟიმისთვის გადაცემის გამო, იზრდება საფრთხე ყირიმის, მათ შორის სევასტოპოლის, რუსეთის ახალი რეგიონებისა და რუსეთის სხვა ქალაქების უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა ანტონოვმა.
ელჩმა ცინიკური უწოდა ამერიკული მხარის განცხადებებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა პირობა დადეს, ATACMS-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის არ გამოიყენებენ.
"ვინ უნდა დაამშვიდოს ასეთმა ტყუილმა? როგორ შეიძლება არ შეამჩნიოთ კიეველი დამნაშავეების მიერ ჩადენილი მრავალრიცხოვანი ტერაქტები?“- აღნიშნა ანტონოვმა.
წაიკითხეთ ასევე: