ავტორი:

"ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა მიჭირდა - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ" - ლაზარე გრიგორიადისი

"ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა მიჭირდა - რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით, განსხვავებული ვიზუალი როცა გაქვს, მგონი, საქართველოში ასეთ რაღაცებს მიჩვეული ხარ" - ლაზარე გრიგორიადისი

პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადისი აცხადებს, რომ დაკავებისას მის მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ მან გლდანის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"როგორც ვთქვი უკვე, მაშინ ჩემი მეგობრის დაკავებით მემუქრებოდნენ. ყველაფერზე დავთანხმდი იმიტომ, რომ სხვა გზა აღარ მქონდა. აღიარებით ჩვენებაზე ზუსტად ასეთი მუქარა იყო“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

კითხვაზე, რას ეტყოდა მოქმედ და ყოფილ პრემიერ-მინისტრებს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს, ლაზარე გრიგორიადისმა უპასუხა, რომ ყველაფერი ცხადად ჩანს, თუ რა გზა აირჩია ხელისუფლებამ.

"ყველაფერი ცხადად ჩანს. მგონი, განსხვავებული ვიზუალი როდესაც გაქვს, მიჩვეული ხარ საქართველოში ასეთ რაღაცებს. რის გამო დავისაჯე, ვერ გეტყვით“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

მისი თქმით, საქმეში იყო პოლიციელების ჩვენება და ასევე მის ტანსაცმელზე უცნობი ნავთობპროდუქტების კვალი, თუმცა, გრიგორიადისის განმარტებით, არაფერი იყო დაკონკრეტებული.

"4 ჩვენება იყო პოლიციელის და იყო ნავთობპროდუქტის კვალი. დიდად ხელმოსაჭიდი ფაქტები არაფერი იყო დასახელებული, ნავთობპროდუქტი რამდენ ხანს იყო ჩემს ტანსაცმელზე ან რომელი ნავთობპროდუქტი იყო. "ტელეგრამიდანაც“ ამოიღეს "ჩათი“,- განაცხადა გრიგორიადისმა.

მან განმარტა, რომ გაასაჩივრებს თუ არა მის საქმესთან დაკავშირებულ განაჩენს, ამას ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვეტს.

"ადვოკატებთან უნდა გავიარო ეს ყველაფერი და საბოლოოდ გადავწყვეტ. მინდა ყველა მხარდამჭერს უდიდესი მადლობა გადავუხადო. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა, სიტყვები არ მყოფნის. ამისთვის მართლაც ძალიან ბევრი იშრომეთ.

ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა მიჭირდა", - განაცხადა გრიგორიადისმა.

მან აღნიშნა, რომ 9 წლიან განაჩენს ელოდა, რადგან გრიგორიადისის შეფასებით, სასამართლო პოლიტიზირებულია.

"სასამართლო არ გვაქვს ისეთი თავისუფალი, როგორიც უნდა იყოს. ბევრი მოსამართლე პოლიტიზებულია, ასევე პროკურორები და პოლიციაც“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

მისი თქმით, მარტის აქციებში მონაწილეობა არასდროს უნანია. გარდა ამისა, მან აღნიშნა ისიც, რომ ხელისუფლება სავარაუდოდ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას ვერ შეძლებს.

"არ მგონია, ეს შეუძლებელია“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

გარდა ამისა, მან განმარტა, რომ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.

"ცხადად ჩანს ყველაფერი, ახალგაზრდები რამდენად აქტიურად არიან ჩართული, დღეს აქციაზე მივალ“, - განაცხადა გრიგორიადისმა.

ცნობისთვის, პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ კი, გრიგორიადისმა გლდანის ციხე დატოვა.

ასევე იხილეთ: