ავტორი:

თავდასხმა დრონებით რუსულ ნავთობბაზებსა და გადამამუშავებელ ქარხანაზე - მასშტაბური ხანძრები და განადგურებული ნავთობპროდუქტები

თავდასხმა დრონებით რუსულ ნავთობბაზებსა და გადამამუშავებელ ქარხანაზე - მასშტაბური ხანძრები და განადგურებული ნავთობპროდუქტები

24 აპრილს რუსეთში, სმოლენსკის ოლქში, იარცევოსა და როზდოროს დასახლებებში მდებარე "როსნეფტის“ 2 ბაზაზე, რომლებსაც საწვავის და საპოხი მასალების შესანახად და გადასატანად იყენებდნენ, აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ UNIAN-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა. შედეგად განადგურდა 26 ათასი კუბური მეტრი რუსული საწვავი.

"ამ ბაზებზე 26 ათასი კუბური მეტრი რუსული საწვავი იყო შენახული, ძლიერი აფეთქებების შემდეგ, ობიექტებზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა", - წერს გამოცემა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა მოხდა დრონებით.

ხანძარი გაჩნდა რუსეთის ქალაქ სმოლენსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაშიც. ამის თაობაზე ინფორმაცია რუსული მედიას დაუდასტურა რეგიონის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა.

"ჩვენი რეგიონი კვლავ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ქვეშაა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვა საჰაერო სამიზნეებს ებრძვის. საწვავისა და ენერგეტიკულ სამოქალაქო ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სმოლენსკის და იარცევოს რაიონებში, საგანგებო სიტუაციების სამინისტრო შედეგების ლიკვიდაციას აწარმოებს", - წერს ანოხინი და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

როგორც "UNIAN“ იტყობინება, ამ ღამითვე რუსეთის ფედერაციაში ნავთობის ობიექტებზე თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ლიპეცკშიც.

ლიპეცკის ოლქის გუბერნატორის, იგორ არტამონოვის ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ქალაქ ლიპეცკის ინდუსტრიულ ზონაში ჩამოვარდა, თუმცა ამას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები.

  • მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა