ავტორი:

გამოგონებების ბუმი მე-19 საუკუნეში: როგორი იყო ევოლუციური მიღწევები მსოფლიოში

გამოგონებების ბუმი მე-19 საუკუნეში: როგორი იყო ევოლუციური მიღწევები მსოფლიოში

გამოგონებების ეპოქა

XIX საუკუნეში ტექნოლოგია სწრაფად ვითარდებოდა. მრავალ სფეროში ინოვაციის მამოძრავებელი ძალა სამრეწველო რევოლუცია იყო, რადგან გამომგონებლები და მეწარმეები ქარხნების, მაღაროების, სატრანსპორტო საშუალებების გაუმჯობესების გზებს ეძებდნენ, რათა გაეზარდათ წარმოების მოცულობა, ხელფასები და მაქსიმალური მოგება მიეღოთ. მნიშვნელოვან სამეცნიერო აღმოჩენებთან ერთად ამ პროგრესმა ადამიანების ყოფა მრავალმხრივ გააუმჯობესა.

ელექტრობა

დაახლოებით 1800 წელს იტალიელმა გამომგონებელმა ალესანდრო ვოლტამ აღმოაჩინა, რომ მავთულით შეერთებული ორი განსხვავებული ლითონის ნაჭრის მარილწყალში ჩადებისას მათ შორის ელექტრომუხტი გაივლიდა. ეს იყო გადამწყვეტი ნაბიჯი, რომ ელექტრობის პრაქტიკული გამოყენება დაწყებულიყო. ინგლისელმა მაიკლ ფარადეიმ აჩვენა, რომ მაგნიტს ელექტრობის წარმოება შეუძლია _ ეს არის ელექტომაგნიტური გამტარობა.

იგი საფუძვლად დაედო პირველი ელექტროგენერატორის შექმნას. ფარადეიმ 1821 წელს ელექტროძრავაც გამოიგონა, ხოლო 1831 წელს _ დინამო და ტრანსფორმატორი. სახლების ელექტროგანათებას ვარვარის ნათურა (ისეთი, რომელიც თეთრ სინათლეს გამოსცემს) სჭირდებოდა. მისი ერთ-ერთი პირველი სახეობა ტომას ედისონმა 1879 წელს შექმნა. იგი 40 საათს უწყვეტად ენთო.

კომუნიკაცია

ტელეკომუნიკაციის საშუალებების არსებობა დაიწყო ტელეგრაფით, რომელიც შეტყობინებას ელექტროსიგნალის გასაგზავნად გამოყენებული მავთულით გადასცემდა. შეტყობინებები წერტილებისა და ტირეებისგან შემდგარი მორზეს ანბანით იყო კოდირებული. 1837 წელს ინგლისელმა ჩარლზ უიტსტოუნმა და უილიამ კუკმა ელექტროტელეგრაფის სისტემაზე პატენტი აიღეს. ასეთი სახის ტელეგრაფი მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი იყო. მას ფართოდ იყენებდნენ სარკინიგზო კომპანიები და სამხედროები. სადენიანი ტელეფონი 1876 წელს ალეგზანდერ გრეიამ ბელმა გამოიგონა. მალე ევროპისა და აშშ-ის უმეტესი ნაწილი სატელეფონო ხაზებით დაიფარა. XIX საუკუნის ბოლოსთვის იტალიელმა გამომგონებელმა გულიელმო მარკონმა ტელეგრაფის ისეთი სისტემა გამოიგონა, რომელიც შეტყობინებას რადიოტალღებით გადასცემდა.

სატრანსპორტო საშუალებები

დიდი ხნის განმავლობაში ხმელეთზე მოგზაურობის ყველაზე სწრაფი საშუალება ცხენით მგზავრობა იყო, მაგრამ ეს ყველაფერი XIX საუკუნეში სამუდამოდ შეიცვალა პირველი ორთქლის ძრავების გამოგონებისა და რკინიგზის მეშვეობით, რასაც ავტომობილის შექმნა მოჰყვა, ხოლო XX საუკუნეში _ თვითმფრინავის (აეროპლანის).

ფოტოგრაფია და კინო

ფრანგი ჟოზეფ ნიეპსისთვის სინათლის დახმარებით გამოსახულების მიღების პრინციპი ცნობილი იყო, თუმცა მან ნეგატივებიდან ფოტოს დაბეჭდვა ვერ შეძლო. 1839 წელს რამდენიმე ფრანგმა და ბრიტანელმა პიონერმა ფოტოგრაფიას გზა გაუკვალა. ამგვარი სიახლის შესახებ ინფორმაცია მალე გავრცელდა. სწრაფად დაიხვეწა გადაღებისა და გამჟღავნების მეთოდებიც. ფოტოგრაფები იმასაც მიხვდნენ, რომ მოძრავი სურათების გადაღებაც შესაძლებელია. 1895 წელს ფრანგმა ძმებმა ლუმიერებმა კინემატოგრაფი გამოიგონეს. ფილმების დროც დადგა.

უმთავრესი გამოგონებები

1800 - ვოლტამ „ვოლტას ბატარეა“, ანუ ელექტრობატარეა, გამოიგონა.

1803 - ტრევითიკმა ორთქლის ლოკომოტივი შექმნა; ლითონის ლიანდაგების დაგება დაიწყო.

1811 - ცილინდრულმა წნეხმა ნაბეჭდის ხარისხი გააუმჯობესა.

1821-1831 - ფარადეიმ ელექტროძრავა და ტრანსფორმატორი გამოიგონა.

1822 - ჟოზეფ ნიეპსმა პირველი ფოტო გადაიღო.

1837 - კირკპატრიკ მაკმილანმა სატერფულებიანი ველოსიპედი გამოიგონა.

1876 - ალეგზანდერ გრეიამ ბელმა ტელეფონი გამოიგონა.

1878 - ტომას ალვა ედისონმა ელექტრონათურა გამოიგონა.

1885 - კარლ ბენცმა პირველი ავტომობილი შექმნა.

1888 - ჯონ ბოიდ დონლოპმა პნევმატური თოფი გამოიგონა.

1894 - გულიელმო მარკონმა პირველი რადიოგადაცემა განახორციელა.

1895 - ლუი და ოგიუსტ ლიუმიერებმა კინემატოგრაფი გამოიგონეს.

1901 - მარკონმა რადიოსიგნალი პირველად ატლანტის ოკეანის გადაღმა გადასცა.

1903 - ძმებმა რაიტებმა პირველი მართული საფრენი აპარატი ააგეს.

ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს მსოფლიო ისტორიიდან წაიკითხავთ ილუსტრირებული ხუთტომეულის „მსოფლიო ისტორია“ მეოთხე ტომში, რომელიც 22 აპრილიდან ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში. წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 15 ლარი იქნება. ტომეულის შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ

R