ძვირადღირებული ჩანთების კოლუმბიელ დიზაინერს, ნენსი გონსალესს, რომელიც მსახიობებისთვის სერიალიდან "სექსი დიდ ქალაქში" და ბრიტნი სპირსისთვის ჩანთებს ამზადებდა, მაიამის ფედერალურმა სასამართლომ 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, გონსალესმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება და ნიანგის ტყავისგან შეკერილი ჩანთების კონტრაბანდას ეწეოდა. აშშ-ში უკანონოდ შეჰქონდა ნიანგის ტყავის ჩანთები. ამ საქმეში კი ნათესავები ეხმარებოდნენ. აღსანიშნავია, რომ დიზაინერმა ბრალდება აღიარა.
კოლუმბიასა და აშშ-ს ხელი აქვთ მოწერილი კონვენციაზე, რომლის მიხედვით, დაცული უნდა იყონ გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობები, მათ შორის ნიანგები და პითონები.
"გამოძიებამ გამოავლინა მრავალწლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა დაცული ქვეწარმავლების ტყავისგან დამზადებული არადეკლარირებული ჩანთების კონტრაბანდას აშშ-ში ათასობით დოლარად გასაყიდად“, - თქვა აშშ-ის ველური ბუნების სამსახურის წარმომადგენელმა, ედვარდ გრეისმა.
2022 წელს გონსალესი დააკავეს კოლუმბიაში, კერძოდ კალიში და გადაიყვანეს აშშ-ში. "გულით ვუხდი ბოდიშს ამერიკის შეერთებულ შტატებს”, - განუცხადა გონსალესმა სასამართლოზე.
ავტორი: ანასტასია შალიკაშვილი