ავტორი:

"როგორც კი დაფინანსება გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან - კანონის მიღებაზე უარს მაშინ ვიტყვით, თუ აშშ "ფარას“ გააუქმებს" - ზარქუა

"როგორც კი დაფინანსება გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან - კანონის მიღებაზე უარს მაშინ ვიტყვით, თუ აშშ "ფარას“ გააუქმებს" - ზარქუა

როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან! რატომ? იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეულები, პატიოსნები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო მას, ვინც შავ საქმეს აკეთებს, დონორი აღარ დააფინანსებს! - ჩვენი ინტერესია და ბუნებრივია, იმ "ენჯეოებს“, რომლებიც შავ საქმეს აკეთებენ, მართლმადიდებლობას, ჩვენს ტრადიციებს, ადათ-წესებსა და ქართული სახელმწიფოს ებრძვიან, არ მიეცემათ საშუალება, რომ ჩვენს ქვეყანაში იმუშაონ! - ეს განცხადება პარლამენტში, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, "ქართული ოცნება“ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაზე უარს იმ შემთხვევაში იტყვის, თუ აშშ “ფარას“ გააუქმებს და ანალოგიური კანონის მიღებაზე უარს იტყვის საფრანგეთი, ისრაელი და დიდი ბრიტანეთი. როგორც ზარქუამ მედიასთან აღნიშნა, “ღიაობა და გამჭვირვალობა არის ევროპულობა, ხოლო ბნელი საქმის კეთება არის რუსული საქმე“.

"ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, როგორც რუსული, ასევე ამერიკული კანონი არის ყველაზე მკაცრი და ვრცელდება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე - ერთი ცენტის დაფინანსების შემთხვევაში შედის აუდიტი, დარღვევის შემთხვევაში არის 5-წლიანი ციხე და ასე შემდეგ. ქართული კანონი არც ერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს არ ეხება. ეხება მედიას, რადგან მედია ის ორგანიზაციაა, რომელსაც შეუძლია საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს. ჩვენ ვთქვით, თუ 20%-ზე მეტით გაფინანსებენ, ამის დეკლარირება მოახდინე და თქვი, ვინ გაფინანსებს და რა მიზნით. ასევე, არასამთავრობო სექტორს ვუთხარით, თუ საერთაშორისო პარტნიორებისგან 20%-ზე მეტ დაფინანსებას იღებენ, გააკეთონ დეკლარირება და გააგრძელონ. მორჩა! ეს არის განსხვავება! ეს მავნებლები ცდილობენ რას ხმარდება ფინანსები, როგორ ხმარდება. ამიტომაც არის რომ საზოგადოება, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. არ დავუთმობთ! ჩვენ იმ შემთხვევაში დავთმობთ, თუ გააუქმებენ “ფარას“, თუ საფრანგეთი სენატის მიერ დამტკიცებულ პროექტს უკან გაიწვევს. დავთმობთ, თუ ამ კანონის მიღებაზე ისრაელი უარს იტყვის, თუ ბრიტანეთი იტყვის, რომ მას ეს კანონი არ სჭირდება. როგორ ხალხო! ჩვენი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული. საქართველოს მიმართ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ყველას - სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან აქვს ინტერესი. უფრო მეტიც, ჩრდილოეთი შემოიჭრა და ოკუპირებული აქვს, ხოლო ზოგს ჩვენი ტერიტორიები საკუთარ დოქტრინაში აქვს მოხსენიებული. როგორ შეიძლება ამ რეგიონში, რომლის მიმართ ინტერესი ყველას აქვს, ადამიანი, ვინც ქართული სახელმწიფოს მომხრეა, გამჭვირვალობის წინააღმდეგი იყოს?! ეს ჩემთვის გაუგებარია! როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან - რატომ? იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეულები, პატიოსნები, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო მას ვინც შავ საქმეს აკეთებს, ბუნებრივია, დონორი აღარ დააფინანსებს! ამიტომაც სამსახურის დაკარგვის ეშინიათ!“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.