ავტორი:

"ოტელოს" წარმატებული პრემიერა

"ოტელოს" წარმატებული პრემიერა

“ოტელოს” საპრემიერო ჩვენებებმა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში უდიდესი წარმატებით ჩაიარა. მონტე-კარლოს ოპერის თეატრის ულამაზესმა სპექტაკლმა არ დატოვა გულგრილი დამსწრე საზოგადოება. სრული ანშლაგი, აღტაცებული მაყურებელი და „ბრავოს“ შეძახილები არ წყდებოდა დარბაზში. ვინც გასულ კვირას ვერ მოასწრო ვერდის „ოტელოს“ ნახვა, მათ კიდევ აქვთ შესაძლებლობა დატკბენ გენიალური იტალიელი კომპოზიტორის შედევრით 26, 27 და 28 აპრილს.

სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოწვეული მომღერლები და დირიჟორები. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, ქორმაისტერი ავთანდილ ჩხენკელი, დამდგმელი რეჟისორი ალექს აგილერა, სცენოგრაფი ბრუნო დე ლავენერი, კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინი, განათების მხატვარი ლორან კასტენი. თეატრის დარბაზებში გამოფენილია 80-იან და 90-იან წლებში თბილისის ოპერის სცენაზე განხორციელებული ჯ. ვერდის „ოტელოს“ ორი სხვადასხვა დადგმის ფოტოები და აფიშები.

ზაზა აზმაიფარაშვილი - დამდგმელი დირიჟორი

„ვერდის „ოტელო“ ითვლება ერთ-ერთ რთულ ოპერად. იგი კომპოზიტორის ხუთ საუკეთესო ოპერებს შორის შედის, შეიძლება ითქვას მწვერვალია მუსიკალური ხელოვნების. დიდი სირთულეებით გამოირჩევა როგორც ოტელოს, ისე იაგოს პარტია. მე ძალიან მიხარია რომ ჩვენი სტუმრები, ჩამოსული მომღერლები, ბრწყინვალე პროფესიონალები არიან. მათთან მუშაობა დიდი სიამოვნებაა.“

იანო ალიბეგაშვილი - სოპრანო

„დეზდემონას როლი მე თბილისში ძალიან დიდი ხნის წინ საკონცერტო შესრულებით მაქვს შესრულებული ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით. შემდეგ უკვე ევროპის თეატრებში შევასრულე. ჩემი ერთ-ერთი საოცნებო როლი იყო. სხვათა შორის ბევრ სოპრანოს უყვარს ეს პარტია. შექსპირს რაც ეხება, ყოველთვის საინტერესოა ინტერპრეტაციის თვალსაზრისით და ძალიან ლამაზია სამღერად როდესაც ეს ვერდის ეხება. თბილისის ოპერის თეატრში მე არ მიმღერია დიდი ხანია. ძალიან ამაღელვებელია რომ მე ჩემს საკუთარ ქვეყანაში ვმღერი ამ ლამაზ პარტიას.“

ნიკოლოზ ლაგვილავა - ბარიტონი

„იაგოს როლი ძალიან საპასუხიხმგებლო გახლავთ ჩემთვის, ძალიან დიდი წარმატების მომტანი. 2019 წელს გერმანულმა კრიტიკამ დამასახელა წლის საუკეთესო როლად და გავთამამდი ამ როლთან მიმართებაში. ძალიან მიყვარს იაგოს პარტიის სიმღერა. აქ არა მარტო ვერდის ფენომენალური მუსიკაა, არამედ შექსპირია, რომელიც სულ თან მიყვება ვერდის. მე ყოველთვის ვცდილობ დავიჭირო შექსპირის ხაზი და არ ამოვარდე ამ ხაზიდან.“

მარკო ბერტი - ტენორი

„მე ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, შესანიშნავი მომღერლები ლამაზი ხმებით. მოხარული ვარ რომ მომეცა შესაძლებლობა 10 წლის შემდეგ კვლავ ჩამოვსულიყავი საქართველოში.

რაც შეეხება ოტელოს ამ დადგმას, იგი კლასიკურ სტილშია დადგმული, მაგრამ დეზდემონას სიკვდილის სცენა განსხვავებულია შექსპირისეულ პირველწყაროსგან. ამის მიუხედავად მაყურებლისთვის ეს სპექტაკლი საინტერესოა სანახავად. "

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი

R