ავტორი:

"ამ სიმართლით მინდა ვიარო მთელი ცხოვრება, ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს არ დავკარგავ" - გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების წარმატებასა და გამოქვეყნებულ პოსტზე

"ამ სიმართლით მინდა ვიარო მთელი ცხოვრება, ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს არ დავკარგავ" - გიორგი ქოჩორაშვილი ნაკრების წარმატებასა და გამოქვეყნებულ პოსტზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი ფეხბურთელებს შორის პირველი იყო, რომელმაც ღია მხარდაჭერა გამოხატა ბოლო დროს თბილისში მიმდინარე აქციების და საქართველოს ევროპული კურსის მიმართ. გიორგიმ "ინსტაგრამზე" თავისი პატარა დისშვილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ხელში ევროკავშირის დროშა ჰქონდა.

ამ პოსტის გამო გიორგი ხელისუფლების მხარდამჭერებმა გააკრიტიკეს. თბილისის მერმა კახა კალაძემ კი თქვა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, მისი "პატარა დამსახურებაც არის".

  • აღნიშნულ თემაზე, ასევე ნაკრების გამარჯვებაზე ქოჩორაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" ისაუბრა:

"სადაც არ უნდა ვიყო, რა ენაზეც არ უნდა ვსაუბრობდე, ყველაზე ახლო ადამიანები ვინც არიან ჩემთან, არიან ჩემი ოჯახის წევრები და მათ ყოველთვის დავიცავ რაც არ უნდა მოხდეს. ჩემთვის საპასუხისმგებლოა ის, რაც მოხდა. ჩემი დისშვილის ფოტო იყო. ამაზე შეიძლება არ უნდა მიწევდეს ლაპარაკი, მაგრამ მიწევს იმიტომ, რომ ჩემს ოჯახს ეხება. მე გამოვხატე ის, რაც ყველა ქართველის გულში არის, ჩემი ოჯახის გულში არის, ჩემი პატარა დისშვილების გულში არის", - ამბობს ფეხბურთელი.

  • სპორტსმენის თქმით, ის ამაყობს, რომ ქართველია და საქართველო ყველამ ერთად, სწორ გზაზე უნდა წავიყვანოთ:

"ამაყი ვარ, რომ ვარ ქართველი, ის რაც შევძელით მთლიანად მთელმა საქართველომ, მთელმა ნაკრებმა. ის სიხარული, რაც ჩვენს ქვეყანას მოვუტანეთ, ძალიან დიდი სიხარული იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალშიც საქართველოს ვიხილავთ გაბრწყინებულს, ბედნიერს, ისეთ ბედნიერს, როგორიც 26 მარტს ვნახეთ. ამისთვის ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენ - ფეხბურთელები, ხალხი, ჩვენი ოჯახის წევრები, ყველა შევეცდებით, რომ საქართველო სწორ გზაზე წავიყვანოთ და სიმართლის გზაზე. როცა იცი, რომ შენ მართალი ხარ, შენი ოჯახი მართალია, შენი ქვეყანა მართალია, უფრო ადვილი არის, რომ სწორი გზა მონახო.

როცა პენალტის დასარტყმელად მიდიხარ, თუ შენ თავთან მართალი ხარ და იცი, რომ ყოველი დღე იმაზე ფიქრით და იმ მოტივაციით გაატარე, რომ უკეთესად დაგერტყა, უფრო მეტი გემუშავა შენ თავზე, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.

ვთვლი, რომ სიმართლესთან ახლოს ვიყავი იმ პენალტის დროსაც და ამ სიმართლით მინდა ვიარო მთელი ცხოვრების განმავლობაში, იმიტომ რომ ფეხბურთის კარიერა მთავრდება 15 წელიწადში, მაგრამ ქართველობას არასდროს არ დავკარგავ", - ამბობს გიორგი ქოჩორაშვილი.

ნახეთ ასევე: