შაბათს, სამხედრო წვრთნების დროს, წყნარ ოკეანეში ორი იაპონური ვერტმფრენი ჩამოვარდა. ეკიპაჟის ერთი წევრი გარდაიცვალა, შვიდი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა - ამის შესახებ იაპონიის თავდაცვის მინისტრმა მინორუ კიჰარამ განაცხადა.
"კატასტროფის ზუსტი მიზეზი უცნობია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დაკარგულები ვიპოვოთ და გადავარჩინოთ" - თქვა კიჰარამ.
იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების (JMSDF) თანახმად, სავარაუდოა, რომ ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ. კატასტროფის მომენტში თითოეულის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ვერტმფრენების ზოგი ნაწილი ოკეანეში იპოვეს. ერთ-ერთ ვერტმფრენთან კავშირი შაბათს, ადგილობრივი დროით 22:38 საათზე დაიკარგა, 23:04 საათზე შეწყდა კავშირი მეორე ვერტმფრენთანაც. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის სურვილი აშშ-მაც გამოთქვა:
"ასეთ რთულ მომენტში ჩვენი მეგობრისა და მოკავშირის, იაპონიის გვერდით ვართ. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის წევრებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა", - თქვა აშშ-ის ელჩმა იაპონიაში, რამ ემანუელმა.
ამ თვის დასაწყისში იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ განაცხადა, რომ გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების გამო, ქვეყანაში სამხედრო წვრთნები უფრო გაძლიერებულად მიმდინარეობს.