ავტორი:

რუსმა პოლიტიკოსმა ცოლი მოკლა, დანაშაულის შესახებ კი სოციალურ ქსელში დაწერა - სასტიკი მკვლელობა წყვილის ერთი წლის შვილის თვალწინ მოხდა: რას წერს მედია მომხდარზე

რუსმა პოლიტიკოსმა ცოლი მოკლა, დანაშაულის შესახებ კი სოციალურ ქსელში დაწერა - სასტიკი მკვლელობა წყვილის ერთი წლის შვილის თვალწინ მოხდა: რას წერს მედია მომხდარზე

რუსეთში, სოციალურმა აქტივისტმა და დეპუტატობის კანდიდატმა ევგენი ნიკოლსკიმ 36 წლის მეუღლე მოკლა. პოლიტიკოსმა საჯაროდ აღიარა დანაშაული და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სწორად მოიქცა, რადგან "მოღალატე“ მოკლა.

შემთხვევა ტვერის მახლობლად, რჟევსკის რაიონში მოხდა. 36 წლის ეკატერინას მკვლელობის შემდეგ, მამაკაცი პოლიციამ დააკავა. თუმცა როგორც რუსული მედია წერს, დამნაშავე ამჟამად საავადმყოფოში, პოლიციისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, რადგან მომხდარის შემდეგ, ევგენი მოკლულის ძმამ სცემა.

  • ცნობილია, რომ მეუღლეებს შორის ჩხუბი სოფელ ემელიანოვოს ადგილობრივ სკოლასთან მოხდა. რა დროსაც ევგენიმ ცოლს დანა კისრის არეში დაარტყა. ეკატერინეს ძმა წყვილთან ახლოს იყო და სწორედ მან სცადა დისთვის პირველადი დახმარება გაეწია, მაგრამ სიძემ ამის საშუალება არ მისცა.

"დიახ, ეს მე ჩავიდინე. უარყოფას არ ვაპირებ და საჭირო სასჯელს მივიღებ. ახლა თავაწეული ვარ, რადგან ყველაფერი სწორად გავაკეთე. როცა გღალატობს ადამიანი, რომელსაც წლების მანძილზე ჩუქნიდი შენს სულს, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. არ მაინტერესებს რა დამემართება, მაგრამ მატყუარამ მიიღო ის, რაც დაიმსახურა და შეიძლება იგივე ბედი ეწიოს ყველა მის მსგავსს. ყველას მივმართავ მხოლოდ ერთი თხოვნით - მიხედეთ ჩემს ქალიშვილს... ის ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი სტიმულია...“, - წერს ნიკოლსკი სოციალურ ქსელში.

ცნობილია, რომ მოკლული ქალი ეწეოდა სოციალურ აქტივობებს, ასწავლიდა ბავშვებს ცეკვას, ასევე მუშაობდა IT სფეროში. ერთი წლის წინ ნიკოლსკები მშობლები გახდნენ და ქალიშვილი შეეძინათ.

  • დამატებითი დეტალები საქმეზე

როგორც რუსული მედია წერს, დეპუტატობის კანდიდატმა ევგენი ნიკოლსკიმ ცოლს მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე სასტიკად სცემა - მიზეზი ეჭვიანობა იყო.

მომხდარის შემდეგ, 36 წლის ეკატერინა დედასთან, რჟევსკის რაიონში, ტვერის მახლობლად დაბრუნდა. სამწუხაროდ, მოძალადისგან გაქცევამ ქალი ვერ გადაარჩინა, რადგან ერთ კვირაში ქმარი მასთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა.

როდესაც ქალი შერიგებაზე ვერ დაითანხმა დანით თავს დაესხა და კისრის არეში დაჭრა. საბედისწერო მომენტში ეკატერინა თავის ერთი წლის ქალიშვილ ლადასთან ერთად პარკში სეირნობდა... მკვლელობა ბავშვის თვალწინ მოხდა.

მედიის ინფორმაციით, ნიკოლსკები სანიმუშო ოჯახად ითვლებოდნენ. მათ 13-წლიანი თანაცხოვრება აკავშირებდათ და ბედნიერები ჩანდნენ საზოგადოებაში. თუმცა როგორც ახლობლები ამბობენ, ბოლო პერიოდში კაცი, ცოლზე უსაფუძვლოდ ეჭვიანობდა და ამის გამო, ხშირად ჩხუბობდნენ.