ავტორი:

რა ხდება ცნობილი ვაკეში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე, ვინ არიან ორმხრივი სროლისას დაჭრილები და როგორ უკავშირდება მომხდარი ძმებ კაკულიებსა და 2 წლის წინანდელ თავდასხმას?

რა ხდება ცნობილი ვაკეში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე, ვინ არიან ორმხრივი სროლისას დაჭრილები და როგორ უკავშირდება მომხდარი ძმებ კაკულიებსა და 2 წლის წინანდელ თავდასხმას?
  • ფოტომონტაჟი: დაჭრილი სერგი ქურთიაშვილი და ძმები კაკულიები

17 აპრილს, ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე სროლის ხმა ისმოდა. ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა 3 ადამიანი დაჭრეს. დანაშაული ტაბიძის ქუჩაზე მოხდა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ვაკეში, ტაბიძის ქუჩაზე დაჭრილი 3 პირიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.

ტელეკომპანიის ცნობით, დაჭრილები არიან სერგი ქურთიაშვილი, გიორგი რუხაძე და კახა გაბრიელაშვილი. არხს თვითმხილველებმა უთხრეს, რომ რუხაძეს ცეცხლი ქურთიაშვილმა გაუხსნა, რის შემდეგაც, საპასუხო ცეცხლი რუხაძის დაცვამ გახსნა. შედეგად სერგი ქურთიაშვილს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

"17 რიცხვში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მეშვეობით მოყვანილი იქნა სამი კაცი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. სამივე მათგანს ჩაუტარდა ოპერაცია, ამჟამად ჩვენს კლინიკაში მკურნალობას განაგრძობს 2 პაციენტი. ორივე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. ორივეს მდგომარეობა არის მძიმე. მესამე პაციენტი ოჯახის წევრების მოთხოვნით, გადაიყვანეს სხვა სამედიცინო დაწესებულებაში", - ამბობს ტელეკომპანიასთან ექიმი

"ტვ პირველის" ინფორმაციით, გიორგი რუხაძე ძმებ კაკულიების დეიდაშვილია, ხოლო ქურთიაშვილი მათი საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი.

"პირველებმა" გაარკვია, რომ ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა ძმები კაკულიების ახლო ნათესავს, გიორგი რუხაძესა და სერგი ქურთიაშვილს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქურთიაშვილმა ჩასაფრება მოუწყო რუხაძეს და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა ჭრილობები.

სროლის დროს ქურთიაშვილისა და რუხაძის გარდა, დაიჭრა რუხაძის დაცვის თანამშრომელიც.

"პირველების" მიერ მოპოვებულ ვიდეოში, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული, გარკვევით ჩანს სამივე მათგანი.

მომხდარის გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, ტაბიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები გუშინ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

შეგახსენებთ, რომ ძმებ გუგა და დავით კაკულიებს თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი წლის წინ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ძმებ კაკულიებს 2022 წელს,არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.

პროკურატურა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აცხადებდა, რომ გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით.

  • რა მოხდა არაყიშვილის ქუჩაზე?

2022 წლის 27 მაისს, ვაკეში არაყიშვილის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რომლის დროსაც ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ გიორგი კაჭკაჭიშვილსა და 26 წლის სერგი ქურთიაშვილს, რომელსაც მძიმე დაზიანებები ჰქონდა. მას10 ტყვია კიდურების არეში ჰქონდა მოხვედრილი.

მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.

იმავე წლის მაისში დააკავეს ძმები კაკულიები, თუმცა გახმაურებული დანაშაულის მთავარმა მსხვერპლმა სერგი ქურთიაშვილმა სასამართლოზე ჩვენება განსასჯელების სასარგებლოდ მისცა. არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი სერგი ქურთიაშვილი ირწმუნებოდა, რომ მისი მკვლელობის მცდელობასთან ძმებ კაკულიებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ჩვენება მისცა ქურთიაშვილის მეგობარმა გიორგი კაჭკაჭიშვილმაც, რომელიც შემთხვევის დროს დაშავდა. კაჭკაჭიშვილის თქმით, თავდამსხმელებს ჩაფხუტები ეხურათ, თუმცა ირწმუნებოდა, რომ სახის ნაკვთები მაინც დააფიქსირა და ის ძმებ კაკულიების აღწერილობას არ ემთხვევა.

ისმის კითხვა, რატომ მისცეს დაზარალებულებმა ბრალდებულების სასარგებლო ჩვენებები?! - იმჟამად გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლო სხდომამდე ორივე დაზარალებული კაკულიების გარემოცვასთან ესპანეთში კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა. "კურიერის" წყარო ჰყვებოდა, რომ სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა თუ რა ჩვენება უნდა მიეცათ ქურთიაშვილს და კაჭკაჭიშვილს სასამართლოში. დაზარალებულების მიერ საზღვრის კვეთის ფაქტი საქმის პროკურორმაც დაადასტურა.

საბოლოოდ, გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.

კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში.

უკავშირდება თუ არა ტაბიძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმა ორი წლის წინანდელ დანაშაულს, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს.