ავტორი:

"გულწრფელად ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, გაიწვიეთ ეს კანონი, რათა არ გაიხლიჩოს ქართველი საზოგადოება" - რუსუდან ფეტვიაშვილის მიმართვა აქციიდან

"გულწრფელად ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, გაიწვიეთ ეს კანონი, რათა არ გაიხლიჩოს ქართველი საზოგადოება" - რუსუდან ფეტვიაშვილის მიმართვა აქციიდან

მსოფლიოში აღიარებულმა ქართველი მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა პარლამენტის წინ მიმდებარე აქციიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართა გაიწვიოს "უცხოური აგენტების" კანონი, რათა არ გაიხლიჩოს ქართველი საზოგადოება.

მისი თქმით, როდესაც ქართველი ერი იხლიჩება ამით ყველაზე მეტად ჩვენი მტერი სარგებლობს.

"ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენ ვიყოთ შუაზე გახლეჩილები. ჩვენ ვართ ცოტანი, მაგრამ მნიშვნელოვანი ერი. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და მინდა ის იყოს თავისუფალი დამოუკიდებელი. მინდა მსოფლიო თანამეგობრობაში მან წარმატებული ადგილი დაიკავოს.

მე მახსოვს, რა ხდებოდა, როცა ჩვენი ერი იხლიჩებოდა, როგორ სარგებლობდა ამით ჩვენი მტერი და იჭერდა თევზს მღვრიე წყალში.. ვთხოვ, გულწრფელად ვთხოვ ბიძინა ივანიშვილს, გაიწვიეთ ეს კანონი, რათა არ გაიხლიჩოს ქართველი საზოგადოება" - აღნიშნა ფეტვიაშვილმა.

ცნობისთვის აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს პარლამენტის გამზირზე - ამის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.

წაიკითხეთ ასევე: