ავტორი:

დუბაის წყალდიდობა შესაძლოა, "ღრუბლების დათესვას" გამოეწვია - რა არის ცნობილი უნიკალურ ტექნოლოგიაზე, რომელსაც წვიმის წარმოსაქმნელად იყენებენ (ფოტოები)

დუბაის წყალდიდობა შესაძლოა, "ღრუბლების დათესვას" გამოეწვია - რა არის ცნობილი უნიკალურ ტექნოლოგიაზე, რომელსაც წვიმის წარმოსაქმნელად იყენებენ (ფოტოები)

დუბაიში უკვე რამდენიმე დღეა წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა, შედეგად დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა, ფრენების უმეტესობა გაუქმდა ან გადაიდო.

წყალდიდობას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უხვი ნალექი მოვიდა მეზობელ ომანშიც, სადაც 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არასრულწლოვანებიც არიან. აზიის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და საუდის არაბეთის "ალ ჰილალს" შორის, ამინდის გაუარესების გამო გადაიდო.

"ვცდილობთ რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ფრენები, ასეთ პირობებში მუშაობა ძალიან რთულია" - ნათქვამია აეროპორტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ომანში 1400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია თავშესაფრებში. სკოლები და სამთავრობო ოფისები სიფრთხილის მიზნით დაიხურა. ამბობენ, რომ წყალდიდობა დუბაის ცუდმა სანიაღვრე სისტემებმა გამოიწვია, თუმცა სინოპტიკოსები ამას ღრუბლების დათესვის ტექნოლოგიას აბრალებენ: არსებულ ღრუბლებში თვითმფრინავებით ვერცხლის იოდიდის ღეროებს (როგორც წესი, ისინი სიგარეტის ზომისაა) სტყორცნიან, რათა ამით ყინულის კრისტალების ფორმირებას შეუწყონ ხელი. კრისტალები ნოტიო შიგთავსს ამძიმებს და მისი გამოთავისუფლების შანსსაც ზრდის, შესაბამისად კი, ღრუბელს მეტი წვიმის წარმოქმნაში ეხმარება.

არაბეთის გაერთიანებული საემიროების მეტეოროლოგიის ეროვნული ცენტრის (NCM) მეტეოროლოგმა აჰმედ ჰაბიბმა განაცხადა, რომ ღრუბლების დათესვის მიზნით, წყალდიდობამდე რამდენიმე დღით ადრე ფრენა განხორციელდა.

"UAE-ს აქვს ღრუბლების დათესვის ოპერატიული პროგრამა, რათა გააძლიეროს წვიმა მსოფლიოს მშრალ ნაწილში, თუმცა, არ არსებობს ტექნოლოგია, რომელსაც ასეთი შედეგების გამოწვევა შეუძლია", - ამბობს რედინგის უნივერსიტეტის ატმოსფერული ფიზიკის პროფესორი მაარტენ ამბაუმმა.