დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. როგორც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, მისთვის ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია.
"ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით უმეტეს მიღებას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაგმატული გამართლება აქვს. ეს კანონპროექტი თუ კანონად გადაიქცევა, საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული. დღეს რომ შეწყდეს ამ კანონპროექტის განხილვა, უდიდესი ზიანი ჩვენს ევროპულ პერსპექტივას უკვე მიადგა. ასეა: როდესაც საკუთარი ანატომიის არასწორი ნაწილით ფიქრობ, შედეგად იღებ სოციალურ დაძაბულობას, დაპირისპირებას მოქალაქესთან, მოკავშირეებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია. ვტოვებ პარლამენტს! ქართული საზოგადოების აზრს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე”, - აღნიშნულია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში.