ავტორი:

"ვალენსიას" უკაპიტნა და გამარჯვებაც შეუნარჩუნა: მამარდაშვილის მორიგი კარგი თამაში და მოგერიებული კურიოზული პენალტი - რა შეფასება მიიღო ქართველმა?

"ვალენსიას" უკაპიტნა და გამარჯვებაც შეუნარჩუნა: მამარდაშვილის მორიგი კარგი თამაში და მოგერიებული კურიოზული პენალტი - რა შეფასება მიიღო ქართველმა?

გიორგი მამარდაშვილს კიდევ ერთი წარმატებული მატჩი ჰქონდა ესპანური "ვალენსიას“ რიგებში. გუნდი, რომელსაც ჩვენებური კაპიტნობდა, სტუმრად "ოსასუნას“ დაუპირისპირდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, ანგარიშით: 1:0.

ლა ლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში მამარდაშვილი "ვალენსიის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ტრავმირებული ხოსე გაიას არყოფნაში გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. გუნდმა ანგარიში მე-18 წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შედეგად გახსნა - დიეგო პოლესმა შესანიშნავი გადაცემით ანდრე ალმეიდა დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანა, მანაც ზუსტი დარტყმით "ოსასუნას“ კარის აღება მოახერხა.

"ოსასუნა“ მეორე ტაიმში ბევრს უტევდა. მამარდაშვილს რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა - ერთხელ შორი მანძილიდან დარტყმული ბურთი მოიგერია, ერთ ეპიზოდში კი პირისპირ გასულ მეტოქეს შეუშალა ხელი.

გიორგიმ 85-ე წუთზე დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. კომპენსირებულ დროში ბუდიმირი საჯარიმოში გილიამონმა წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების შემდეგ პენალტი დანიშნა, რომელიც კურიოზულად თავად დაზარალებულმა შეასრულა, ქართველი ბურთს ადვილად დაეუფლა და "ღამურებმა“ ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

"მნიშვნელოვანი თამაში ჩემთვის! საამაყოა იყო ისეთი დიდი გუნდის კაპიტანი, როგორიც "ვალენსიაა"! სამი ქულა და მშრალი კარი! მადლობა გულშემატკივრობისთვის", - დაწერა "მამარდამ" მატჩის შემდეგ.

ამ გამარჯვების შემდეგ "ვალენსიამ“ 47 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზეა და ევროტურნირებზე გამსვლელ გუნდებს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება. მამარდაშვილმა კი მიმდინარე სეზონში კარი "მშრალად“ მე-12-ედ შეინახა.

მამარდაშვილმა ბოლო 3 მატჩში არ გაუშვა გოლი და 12 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად. მისი თამაში Whoscored-მა 7.3 ქულით შეაფასა, Flashscore-მ - 7.2-ით, ხოლო Sofascore-მ - 7.1-ით.

იხილეთ ასევე: